თბილისი (GBC) – რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე უსტ-ლუგის პორტს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა.

დროზდენკოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს ღამით ლენინგრადის ოლქის თავზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. პორტში დაზიანების შედეგად ხანძარი გაჩნდა და ადგილზე მისი ლიკვიდაციის სამუშაოები დაიწყო.

დრონების თავდასხმა ასევე დაფიქსირდა მოსკოვის მიმართულებით. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქისა და რეგიონის მიმართულებით 12 უპილოტო ჩამოაგდეს.

უსტ-ლუგაზე ეს წლის განმავლობაში მინიმუმ მეექვსე დრონული თავდასხმაა. პორტს მანამდე 22, 25, 29 და 31 მარტს, ასევე 6 ივლისს დაესხნენ თავს. წინა თავდასხმების შემდეგ პორტში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვა რამდენჯერმე დროებით შეჩერდა.

უსტ-ლუგა რუსეთის უდიდესი პორტია ბალტიის ზღვაზე და სიდიდით მეორე პორტი ქვეყანაში, ნოვოროსიისკის შემდეგ. მისი საწვავის ტერმინალებიდან ექსპორტზე გადის ნავთობი, ნაფტა, მაზუთი და საავიაციო საწვავი.

2025 წელს, Reuters-ის მონაცემებით, უსტ-ლუგის გავლით ნავთობის ექსპორტი დაახლოებით 700 ათას ბარელს დღეში შეადგენდა, ხოლო ნავთობპროდუქტების ექსპორტმა ჯამში 32.8 მილიონი ტონა შეადგინა.

ბალტიის ზღვის რუსულ პორტებს შორის უსტ-ლუგა ნავთობის საექსპორტო სიმძლავრით მხოლოდ პრიმორსკს ჩამორჩება, საიდანაც ყოველდღიურად დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი გადის.