თბილისი (GBC) - სააგენტო Reuters წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იან ტარიფს დააწესებს. ტრამპის მტკიცებით, აღნიშნული ნაბიჯი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აიძულებს, შეუერთდეს ტრამპის ინიციატივას - „მშვიდობის საბჭოს“, რომლის მიზანიც გლობალური კონფლიქტების მოგვარებაა. „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას დონალდ ტრამპი დავოსში 22 იანვარს მოაწერს ხელს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა მას მაკრონის განცხადებაზე, როცა ამ უკანასკნელმა საბჭოში გაწევრიანების უარის შესახებ განაცხადა, ტრამპმა უპასუხა: „ნამდვილად ეს თქვა? საერთოდაც, მისი იქ ყოფნა არავის სურს, რადგან ის მალე დატოვებს თანამდებობას. მე მის ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და ის შემოგვიერთდება, თუმცა, მისი გაწევრიანება სავალდებულო არ არის“.
19 იანვარს, მაკრონთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი, მოცემულ ეტაპზე, უარის თქმას გეგმავს აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობაზე.
ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის იდეა პირველად გასული წლის სექტემბერში, ღაზას სექტორში ომის დასრულების გეგმის წარდგენისას გააჟღერა. გასულ კვირას მსოფლიო ლიდერებისთვის გაგზავნილ მოწვევაში საუბარია კონფლიქტების გლობალურად დასრულების როლზე.
Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 60-მდე ქვეყნისთვის გაგზავნილი წესდების პროექტი წევრებისგან 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ შენატანს მოითხოვს, თუ მათ სურთ, რომ წევრობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 60-მდე ქვეყნისთვის გაგზავნილი წესდების პროექტი წევრებს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის შეწირვისკენ მოუწოდებს, თუ სურთ, რომ მათი წევრობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდეს.
ორშაბათს ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გაუგზავნა. „ის მოწვეულია“, - განაცხადა ტრამპმა.