თბილისი (GBC) – თურქეთმა მოულოდნელად შეაჩერა სანქცირებული ტვირთების რუსეთის მიმართულებით ტრანზიტი. საბაჟო სისტემა მათ გაფორმებას ბლოკავს. ასეთი გადაწყვეტილება ბაზრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ ბაზრის მონაწილეები ალტერნატიული მარშრუტების ძებნას იწყებენ. მათი თქმით, სწორედ ის ტვირთები გაიჭედა საბაჟოზე, რომლებიც რუსეთისკენ პარალელური იმპორტით მიმდინარეობდა.
„გუშინ მივიღეთ აგენტებისგან შეტყობინება, რომ ფრენებზე მანამდე შეთანხმებული ჯავშნები უქმდება. გვითხრეს, რომ თურქეთის გავლით რუსეთში სატრანზიტო ტვირთები აღარ ფორმდება. გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ თურქეთის საბაჟო არა თურქული წარმოების ტვირთების ტრანზიტს არ აფორმებს. დღეს დილითაც ვცადეთ, მაგრამ სისტემა ყველაფერს ბლოკავს“, – ამბობს გიორგი ვლასტოპულო, კომპანია „ოპტიმალოგის“ გენერალური დირექტორი.
„ოფიციალურ ბრძანებებს და დადგენილებებს არ ველოდებით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში თურქეთმა უნდა აღიაროს, რომ ბოლო წლის განმავლობაში რუსეთის მიმართულებით სანქცირებულ ტვირთებს ატარებდა. ამიტომ, ინფორმაცია არაოფიციალური არხებით მოვა და პრაქტიკაშიც ვნახავთ“, – თქვა ვალერია სავენკოვამ, კომპანიის Transasia Logistics კომერციულმა დირექტორმა.