თბილისი (GBC) – ვეშაპმა ჩილელი ტურისტის გადაყლაპვა სცადა, რომელიც გასაბერი ნავით დაცურავდა მაგელანის სრუტეში. ზღვის გიგანტმა ჯერ გადაყლაპა 24 წლის კაცი, შემდეგ ნავიანად გადმოაფურთხა.

ესპანური გაზეთის Pais ცნობით, უცნაური ინციდენტი 8 თებერვალს მოხდა ქალაქ პუნტა–არენასთან.

ადრიან სიმანკასი გასაბერი ნავით მიცურავდა მაგელანის სრუტეში, როდესაც, მისივე თქმით, უეცრად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო და ბორტიდან გადავარდა. წამიერად იგი გიგანტური არსების პირში აღმოჩნდა.

„უცნაური ხმები გავიგონე, მძლავრი შეწოვა ვიგრძენი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ვიდრე უკან არ გამომაგდო“, – თქვა სიმანკასმა ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში. მან აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც ვეშაპის პირში აღმოჩნდა, პირველი, რაც გაახსენდა, ეს იყო სცენა ზღაპრიდან პინოქიო.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა კაცი არ დაშავებულა. მომხდარი მისმა მამამ გადაიღო, რომელიც შვილის სიახლოვეს დაცურავდა. მამის გადაღებული კადრების გარეშე ამ ამბავს ალბათ არავინ დაიჯერებდა.