თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე მასშტაბურ სამხედრო პაკეტს გადასცემს, რომელიც წლის ბოლომდე 120 000-მდე სხვადასხვა ტიპის დრონის მიწოდებას ითვალისწინებს. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, დახმარების ახალი ტრანში, რომლის მიწოდებაც მიმდინარე თვეში უკვე დაიწყო, მოიცავს როგორც შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ და სადაზვერვო აპარატებს, ისე ლოგისტიკურ და საზღვაო უპილოტო საშუალებებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ბრიტანეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში ყველაზე დიდია, მოიცავს ათასობით შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ დრონს, სადაზვერვო და ლოგისტიკურ უპილოტო აპარატებს, ასევე საზღვაო საშუალებებს, რომლებმაც უკრაინის ფრონტის ხაზზე საბრძოლო გამოცდა უკვე გაიარეს. ახალი დრონების მიწოდება ამ თვეში უკვე დაიწყო.
„ბრძოლებში გამოცდილი უპილოტო აპარატების ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება უკრაინულ ძალებს მისცემს იმ შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია საკუთარი ხალხის დასაცავად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლო კვირებში ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი - პუტინს სურს ჩვენი ყურადღების გადატანა, მაგრამ უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას უდიდესი სიმამაცით და ვერაფერი მაიძულებს მათ ზურგი ვაქციოთ, სანამ მშვიდობას არ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.
ლონდონის ეს განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბერლინში მიემგზავრება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 34-ე სხდომის თანათავმჯდომარეობისთვის, რომელშიც, სავარაუდოდ, 50 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
სხდომაზე ჰილი ასევე დაადასტურებს, რომ ბრიტანეთი უკრაინას მიმდინარე წელს ასობით ათას საარტილერიო ჭურვსა და ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტას გადასცემს. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომა („რამშტაინის“ ფორმატი) გერმანიაში 15 აპრილს იმართება. მასში მონაწილეობას NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ამ კვირაში დაგეგმილ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას კვლავ გამოტოვებს.