თბილისი (GBC) – საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს ანა ბიერდეს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებზე, საინვესტიციო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საუბარი, ასევე შეეხო გლობალური ეკონომიკის ტენდენციებს მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობის და სათანადო ბუფერების შექმნის კუთხით და კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა.
შეხვედრას დაესწრნენ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანტონელა ბასანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.