თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის საინტერესო იყო მოსაზრებების მოსმენა, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები – „მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის“.

მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსები - ისტორიულად მაღალი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაბალი ფისკალური დეფიციტი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რათა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს.

მისივე თქმით, დიალოგი არსებულ მწვავე გაურკვევლობასა და მის გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო გავლენაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ სწორად დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და პოლიტიკა.

„მიღებული გვაქვს ადეკვატური ზომები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს",  - დასძინა ნათია თურნავამ.

ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილება გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება, ფინანსური სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება და ფინანსური ტექნოლოგიები.