თბილისი (GBC) - საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით სხვა კანდიდატ ქვეყნებზე წინ არის. მისი თქმით, ქვეყანა მეტად არის მზად მოლაპარაკებების დასაწყებად, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მომზადებისას მიზანმიმართულად თქვა უარი იმ სფეროების შეფასებაზე, სადაც საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა, რათა სხვა კანდიდატებთან შედარებით ქვეყნის მოწინავე პოზიციები არ ასახულიყო. მინისტრის შეფასებით, ევროკომისიამ საკუთარ მეთოდოლოგიაზეც კი თქვა უარი, რათა საქართველოს რეალური პროგრესი მიეჩქმალა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ. 9 ნაბიჯი მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად არავის განუსაზღვრავს და ამ დებულებებიდან ბევრი პუნქტი დღეს უკვე არარელევანტურია. ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზადაა მოლაპარაკებების საწარმოებლად ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, თუმცა ამისათვის აუცილებელია ბრიუსელი დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პოლიტიკურ დიალოგს.