თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს მიერ ბოლო წლებში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა, სადაც მხარეებმა მიმდინარე რეფორმები და გეოპოლიტიკური გამოწვევები განიხილეს.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ყველა ასპექტთან მიმართებით სამინისტროსა და ფონდს პოზიციები შეჯერებული აქვთ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს არსებული ეკონომიკური პარამეტრები და დაგროვილი ბუფერები ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თავისუფლად გადააზღვიოს ის რისკები, რომლებიც შესაძლოა გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე წარმოიქმნას.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი რჩება საქართველოს რეფორმების მხარდამჭერად და მასთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.