თბილისი (GBC) - ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2025 წლის ერთ-ერთ მასშტაბური პროექტია.  

რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად ახლდება 3 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 1.5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ ქსელებზე 62 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 5 სახანძრო ჰიდრანტი, 57 საკვანძო ჭა მოეწყობა. პარალელურად წყალარინების ქსელზე 39 ახალი წყალარინების ჭა დამონტაჟდება. 

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტი მაისის თვეში დაიწყო და ივლისში დასრულდება, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება ₾3.5 მლნ-ია.

აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შედეგად ჭავჭავაძის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

„თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები აქტიურად გრძელდება. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, სადაც ახლა მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია ჯამში 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება  5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების  მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. შედეგად კომპანიის 3000-მდე აბონენტს გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი", - განაცხადა გიგა ნადირაძემ, ჯივიპის ტექნიკურმა დირექტორმა.