თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.1%-ით.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 8.3%-ით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.6%-ით.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3%-იანი კლებით, რამაც -0.45 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.1%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.2%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.53 და 1.38 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 22.8%-ით.