თბილისი (GBC) - „ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 15,5%-ით არის შემცირებული და 49%-ს შეადგენს.

საქართველოში გამოკითხვა 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში 1011 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%) იყო.

გაზრდილია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც ევროპის კავშირზე ნეგატიური შეხედულება გააჩნიათ - 18%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 7%-ს.

შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება - 60%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 69%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 74%-ს.

ასევე შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებით სარგებელს მიიღებს - 75%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 86%-ს.

ასევე, კვლევის თანახმად, 2025 წლის გაზაფხულისთვის ქართველთა 45% ენდობა საქართველოს პარლამენტს და 51% ენდობა საქართველოს მთავრობას.

განახლება

გამოცემა Civil.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული კვლევა GORBI-მ ჩაატარა.

გამოცემა წერს, GORBI-მ Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ ევრობარომეტრის კვლევა საქართველოში მათ ჩაატარეს.

GORBI სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციაა, რომელიც სამთავრობო მედია "იმედისთვის" წინასაარჩევნო ეგზიტპოლებს ატარებს.