თბილისი (GBC) - ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოთხშაბათს განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ იძულებული გახდნენ, გააუქმონ საგრანტო წინადადებები, რომლებიც „მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.
საელჩო აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების ან ვადების არარსებობას ასახელებს.
„გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო ასევე წერს, რომ „ოცნებას“ ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისთვის.
მათი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ.
„ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.
პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში.
დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“, – წერს საელჩო.