თბილისი (GBC) - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) შეფასებით, მოქალაქეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო საქმეთა წარმოება წარმოადგენს "გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და მსუსხავ ეფექტს ქმნის". ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს „მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”.
„ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა, ასევე, ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზოგადო მოღვაწედ, კერძოდ, იმ პირებზე, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც რაიმე სხვა ფორმით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს, ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
საია საუბრობს მართლმსაჯულების აღსრულების შერჩევით სტანდარტზეც და აღნიშნავს: „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილი – მაისის „რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციების დროს, კანონის მოწინააღმდეგეებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მუქარა იყო რეალური, რადგან რიგ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. 2024 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოს შედეგად, ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და რუსული კანონის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ დევნას ახორციელებდა. რაც გამოიხატებოდა კონკრეტული ჯგუფის გამორჩევასა და მის მიმართ სხვადასხვა რეპრესიული ზომის (მაგალითად, სატელეფონო ზარები, კერძო საკუთრების დაზიანება) გატარებაში. ამ ყველაფერს კი არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია”.
11 ივნისს მოქალაქეებმა, მათ შორის, პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ სასამართლოში დაბარების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.
სასამართლოში ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ Facebook სტატუსების საფუძველზეა დაბარებული.
„ქართულმა ოცნებამ” 6 ივნისს საჩივარი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ თქვა, საჩივარი ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „უბინძურეს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“.
საჩივრების სამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 173-ე მუხლის XVI პუნქტი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა.