თბილისი (GBC) - ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ახსენებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართონ.

"არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება სწრაფად შეიცვალოს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.

"წითელი განგაშის" სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:

  • დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);
  • შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;
  • ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში - თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;
  • ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში - გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.
  • ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;
  • განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
  • დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას;
  • ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან;
  • მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილებს;
  • მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს.

უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე

ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს:

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:

+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7

+972 3 609 3206

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - აღნიშნულია განცხადებაში.