თბილისი (GBC) - საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-მარტში მშენებლობაზე გაცემულია 2 472 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით მეტი) 2 367.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6%-ით ნაკლები).

ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.7% მოდის თბილისზე, 10.1% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.8 და 7.8% კი - კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.

ამასთან, 2026 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2026 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 722.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 9.5%-ით მეტი) 683 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1%-ით ნაკლები).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.8% მოდის თბილისზე, 13.8% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.3% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 10.7% - კახეთის რეგიონზე.