თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის ვიცე-პრემიერ ჟოლტ შემიენთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის,  სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი  აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება. 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების  დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც  საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა  ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

ამის შემდეგ ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან მიქაილ ჯაბაროვთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.

ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ახორციელებენ მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის სხვადასხვა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს და გამოითქვა მზაობა სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით. ყურადღება დაეთმო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.

ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება. საუბარი შეეხო ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის - ბაქო-თბილისი-ყარსის სამშენებლო სამუშაოების სწრაფ ტემპში წარმართვის მნიშვნელობას.

პრემიერმა აზერბაიჯანის დელეგაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე" მიიწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.