თბილისი (GBC) - პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედდეს.
სწორედ ეს თარიღი დაასახელა მთავრობამ ბირჟის გასახსნელად ბოლო გადავადების დროს. გადავადების მიზეზად ხელისუფლებამ რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მათ შორის ბაზრის მონაწილეების მზაობას, მარეგულირებელი ჰესების გენერაცია და რეგიონში არსებული მდგომარეობა.

კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზრის მონაწილეებს ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცესების განსახორციელებლად დამატებითი დრო ექნებათ. ასევე „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადი" მზად უნდა იყვნენ საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ თუ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ბირჟაზე მისი გავლენის პრევენციას ესკოში შექმნილი ფონდი უზრუნველყოფს.

“ბირჟის ნაწილში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვსწავლობთ. ამ ქვეყნებში ბაზრის ამუშავების პირველ ეტაპზე ფასის მყისიერი ცვალებადობა მოხდა, რის გამოც იქაურმა მარეგულირებლებმა გარკვეული ბერკეტები გამოიყენეს. ჩვენთანაც გვაქვს ასეთი მექანიზმი, ანუ თუ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი ძალიან მაღალი იქნება, ის ბირჟაზე ფასის განმსაზღვრელი ვერ იქნება. ანუ მას ფასჩამკეტი ფუნქცია არ ექნება. მარტივად რომ ვთქვათ, სამი სხვადასხვა ადამიანი კარტოფილს რომ ყიდდეს და უფრო ძვირიანი კარტოფილის ფასმა სხვების რომ არ გაზარდოს, ამ კარტოფილს ბაზარზე რაოდენობრივად მივიღებთ, თუმცა ფასის ფორმირებაში მონაწილეობას არ მივაღებინებთ. ის ბაზარზე დარჩება, თუმცა ფასის განმსაზღვრელი არ იქნება. ფასთაშორისი სხვაობა ამ იმპორტიორს დაეფარება სპეციალური ფონდიდან, რაც ესკოში შეიქმნება. ეს მექანიზმი ახალი არ არის და ამას როგორც გითხარით სხვადასხვა ქვეყანა იყენებს”, - ამბობს ნარმანია.

წყარო: ენერგოპლატფორმა