თბილისი (GBC) – კასპიის ზღვაში წყლის დონის დაწევა ბოლო დროს იმდენად დაჩქარდა, რომ საფრთხეს უქმნის საზღვაო გადაზიდვებს ბაქოდან ყაზახეთის პორტებში. ყაზახური მედიის ცნობით, ბოლო წლებში ყაზახეთის აქტაუსა და კურიკის პორტებში გემების ტრიუმები დასაშვებ წონაზე ბერად ნაკლებად იტვირთება, რათა გემები მეჩეჩზე არ დაჯდნენ.

აქტაუსა და ატირაუს პორტები შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც აზიასა და ევროპას სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. სწორედ ამ მიმართულების აქტუალურობა გაზარდა საერთაშორისო გადაზიდვებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა. ამ დერეფნის მონაწილეები, მათ შორის საქართველო და აზერბაიჯანი, წლის დასაწყისიდან სულ უფრო აქტიურად მართავენ კონსულტაციებს დერეფნის პოტენციალის გაზრდასთან დაკავშირებით.

თუმცა, ქვეყნების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, კასპიის ზღვაში წყლის დონის დაწევა ამ მიმართულების ქმედუნარიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ზღვაში წყლის დაშრობა არა მხოლოდ გადაზიდვებს, არამედ მთლიანად საზღვაო ეკოსისტემას უქმნის საფრთხეს.

დღეისათვის აქტაუს პორტი უმსხვილესია ისეთ მარშრუტებზე, როგორებიცაა ტრასეკა, ჩრდილოეთი–სამხრეთი, INOGATE და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტი. ეს უკანასკნელი ჩინეთიდან იწყება, შემდეგ ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთის ტერიტორიით ან შავი ზღვით ევროპაში გადის.

კასპიის დაშრობის პროცესი 2015 წლიდან დაჩქარდა, როდესაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროცესი მოსალოდნელზე ჩქარა მიმდინარეობს. თუ მანამდე წყლის დონე წელიწადში 5–9 სანტიმეტრით იკლებდა, ამ დროისთვის ამ მაჩვენებელმა 20 სანტიმეტრი შეადგინა.

ტვირთნაკადების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გამოსავალი პორტებში ფსკერის დაღრმავებაა. ყაზახეთი ასეთი დიდი სამუშაოების დაწყებას 2025 წლიდან გეგმავს.