თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის პარტნიორმა კომპანია “ველი ნატახტარმა”, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში, ახალი ქართული ლუდის “რკონის” საწარმო ააშენა.
7 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტი, სადაც საქართველოს ბანკის დაფინანსება ₾5.4 მილიონია, საქართველოში ლუდის წარმოების ახალი კულტურის დამკვიდრებას და რეგიონში თანამედროვე სტანდარტების საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად
ინვესტიცია საწარმოს ინფრასტრუქტურის მშენებლობას და მისი დანადგარებით აღჭურვას მოხმარდა.
საწარმო 4,500 კვ.მ -ზე აშენდა და ის აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. პროექტი გერმანელი ტექნოლოგების ჩართულობითა და კონსულტაციით განხორციელდა, რაც ქართულ ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას გულისხმობს. ამჟამად კომპანია ერთი სახეობის - ბავარიული ჰელესის ტიპის ლუდს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ახალი სახეობების დამატებას გეგმავს.
„ველი ნატახტარი“ „ბიარ ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა. ის უკვე ორი ათწლეულია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ევროპული ხარისხის ლუდის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
20 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე გადავწყვიტეთ ახალი ეტაპის დაწყება - შევქმნათ ქართული ლუდის ახალი ისტორია ბრენდ „რკონით“. ჩვენი მიზანია ლუდის მოყვარულებისთვის უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოს მქონე ლუდის წარმოება და ამ სტანდარტის მუდმივი შენარჩუნება. გვინდა, რომ „რკონი“ იქცეს არა მხოლოდ ლუდის მოყვარულთა საყვარელ ბრენდად, არამედ, გამორჩეულად ქართულ ბრენდად. საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და ეს გახლავთ ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და ფინანსურმა ინსტიტუტმა ერთად განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინიციატივა. ამჯერად, საწარმოს თვიური წარმადობა 100 ტონას შეადგენს, ჩვენი მიზანია ეტაპობრივად გავზარდოთ მოცულობა, გავძლიერდეთ როგორც ადგილობრივად, ასევე ავითვისოთ საერთაშორისო ბაზრები“, - განაცხადა დავით კურდღელაშვილმა, „ველი ნატახტარის“ დირექტორმა.