თბილისი (GBC) – მსოფლიო ბანკის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომმა შეასუსტა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში.

მსოფლიო ბანკის მიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მომავალი წლის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობა საგრძნობლად შენელდება, რაც მინიმალური ეკონომიკური ზრდით - 0.3 პროცენტით აისახება 2023 წელს, რასაც ენერგორესურსებზე ფასების მატების ზემოქმედება განაპირობებს. თუმცა, ჯერჯერობით რეგიონმა იმაზე უკეთესად გადალახა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ეკონომიკური შედეგები,  ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი. პროგნოზის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური გამოშვება წელს მხოლოდ 0.2%-ით შემცირდება, რაც ასახავს რეგიონის ზოგიერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოსალოდნელზე მაღალ ზრდას და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის მიერ პანდემიის პერიოდში გამოყენებული სტიმულირების პროგრამების გახანგრძლივებას.

წელს მოსალოდნელია უკრაინის ეკონომიკის ვარდნა  35 პროცენტით,  რაც განპირობებულია საწარმოო სიმძლავრეების განადგურებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის დაზიანებით და შრომითი რესურსების შემცირებით 14 მილიონამდე ადამიანის იძულებით გადაადგილების გამო. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი შეფასებების თანახმად, უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო რესურსები სოციალური, საწარმოო და ინფრასტრუქტურული სექტორების მიმართულებით სულ მცირე 349 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს, რაც 1.5-ჯერ აღემატება უკრაინის ომამდელი ეკონომიკის (2021წ.) მოცულობას.

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ადამიანების იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი კრიზისი გამოიწვია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ. - ომის გამო უკრაინა კვლავ საჭიროებს ფართომასშტაბიან ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის აღდგენისა და რეკონსტრუქციის იმ პროექტებისთვის, რომელთა დაწყება სწრაფად არის შესაძლებელი.“

კვლავაც გრძელდება ომის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დასუსტება, რადგან წყვეტაა სავაჭრო ნაკადებში, კვლავ ძალაშია სურსათის და ნავთობის ფასების შოკი, რაც ხელს უწყობს ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებს და შესაბამისად გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას. ეკონომიკურმა ევროზონამ, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი და ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნებისთვის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია, თავისი საქმიანობის არსებითი შენელება  2022 წლის მეორე ნახევარში იგრძნო მიწოდების ჯაჭვების შესუსტების, მომატებული ფინანსური დაძაბულობის, და მომხმარებელთა და საწარმოთა ნდობის დაქვეითების გამო. უკრაინაში შეჭრის ყველაზე დამაზიანებელი შედეგი ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდაა რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდების შემცირების ფონზე.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირება 2023 წლისთვის მნიშვნელოვანწილად შეეხო ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი და ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნებს, რამდენადაც რეგიონული პერსპექტივები გაურკვეველია. გახანგრძლივებულ ან ინტენსიურ ომს შეუძლია გაცილებით ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და ეკოლოგიური ზიანის გამოწვევა, და ასევე საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების დანაწევრების წინაპირობის შექმნა. ფინანსური დაძაბულობის რისკი ასევე მომატებულია ვალის და ინფლაციის მაღალი დონის გათვალისწინებით.

ანგარიშის დანართი იკვლევს ენერგოკრიზისის ზემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის, გაზის და ნახშირის გლობალური ფასები 2021 წლიდან მატულობდა, ისინი ნახტომისებურად მკვეთრად გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რის გამოც ინფლაციამ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ დონეს მიაღწია. უპრეცედენტო კრიზისი გავლენას ახდენს როგორც მომხმარებლებზე, ისე მთავრობაზე, რითაც ზღუდავს ფისკალურ ხელმისაწვდომობას, ფირმის პროდუქტიულობას და შინამეურნეობების კეთილდღეობას.

უმძიმესი დარტყმა მიადგება ქვეყნებს, რომლებიც გათბობისთვის (რომელზეც მოდის ენერგორესურსებზე მოთხოვნის 30%), მრეწველობისთვის ან ელექტროენერგიის მისაღებად ბუნებრივი გაზის იმპორტზე საშუალო ან მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ევროკავშირის ენერგობაზრებთან. ეს ქვეყნები უნდა მოემზადონ  გაზის დეფიციტისთვის და შეიმუშაონ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმები ოჯახებისა და ფირმებისთვის ყველაზე მასშტაბური უარყოფითი ზემოქმედების შესარბილებლად, ენერგორესურსების დაზოგვის, ენერგოეფექტიანობის ზრდის  და კვოტირების გეგმების ჩათვლით. ქცევის ცვლილებისკენ მიმართული კამპანია, რომელიც ფოკუსირდება გათბობის ეფექტიანობაზე სახლებსა და შენობებში, როგორიცაა მაგალითად ფანჯრების დათბუნება და იზოლაციის დამატება, შედარებით მცირე ინვესტიციას მოითხოვს და  სწრაფ შედეგს მოიტანს.

„ერთდროულად განვითარებული კრიზისები, რაც უკრაინის ომის, მიმდინარე პანდემიის და სურსათისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის სახით მოგვევლინა, მტკივნეული შეხსენებაა, რომ მთავრობები მზად უნდა იყვნენ მასიური, მოულოდნელი შოკების სამართავად. საჭიროა განხორციელდეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის - სოციალური დაცვის სისტემების მოდერნიზება, რათა გაცილებით ეფექტურად მოხდეს მიმდინარე შოკებთან და მომავალ გრძელვადიან გამოწვევებთან  გამკლავება,“  - განაცხადა ანა ბიერდემ.

ანგარიში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონის სოციალური დაცვის სისტემებს, რომლებმაც კრიტიკული როლი შეასრულეს პანდემიის პერიოდში საოჯახო მეურნეობებისა და კომპანიების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

რეგიონში პანდემიის  საპასუხო ღონისძიებები შედგებოდა პოლიტიკის ორი ფართო ტიპის ზოგადი ინსტრუმენტისგან - ესენია შემოსავლის დაცვის ღონისძიებები და სამუშაო ადგილების დაცვის ღონისძიებები. ანგარიში აფასებს აღნიშნული ღონისძიებების ეფექტურობას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში, სიღარიბის დაძლევაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მოკლევადიან პერიოდში მაღალი ხარჯები სამუშაო ადგილების დაცვის ღონისძიებებზე, უკავშირდებოდა დასაქმების ამაღლებას და სიღარიბის შემცირებას. თუმცა, ეკონომიკურ ზრდაზე ამ ღონისძიებების ზემოქმედების შედეგი ნაკლებად თვალნათელია.

პანდემიასთან ბრძოლის შედეგად მიღებული გაკვეთილი სახელმძღვანელოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის, რათა სოციალური დაცვის სისტემები თავიდანვე ადაპტირებადი და ინკლუზიური ხასიათის იყოს, ასევე ეფექტური რეაგირება მოახდინოს ეკონომიკის მოკლევადიან შოკებზე  და გრძელვადიან ტენდენციებზეც, რომლებიც გარდაქმნის შრომის ბაზარს, გლობალიზაციის, დემოგრაფიული ტენდენციების, ტექნოლოგიური ინოვაციის და კლიმატის ცვლილების და მასზე რეაგირების ღონისძიებების ჩათვლით.

მომავალში სოციალური დაცვის სისტემების პოლიტიკის შემუშავება შეიძლება ეფუძნებოდეს შემდეგი ინტერვენციების კომბინაციას: (i) გარანტირებული მინიმალური შემოსავლის მხარდაჭერა, რომელიც შემუშავებულია უარყოფითი შოკებისგან ფიზიკური პირების და შინამეურნეობების დასაცავად, (ii) მარეგულირებელი რეფორმები, რომლებიც თანდათანობით მოხსნის შეზღუდვებს ფირმების დაქირავების და გათავისუფლების პრაქტიკასთან დაკავშირებით, და საბოლოოდ ფორმალიზებული სამუშაო ადგილების შექმნა კერძო სექტორში და არაფორმალიზებული პრაქტიკის შემცირება; (iii) მოწყვლადი ჯგუფების მოცვის და დაცვის გაძლიერება; და (iv) დიგიტალიზაცია მომსახურების მიწოდების ხარისხის და რაოდენობის გასაუმჯობესებლად.