თბილისი (GBC) - სააგენტო reuters რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში გარკვეულ სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომელიც მოიცავს NATO-ს აღმოსავლეთით (იგულისხმება: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები) გაფართოების შეჩერებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის გაუქმებას. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ მას სურს დასრულდეს კონფლიქტი ევროპაში. ტრამპმა ისიც თქვა, რომ პუტინით უკმაყოფილოა. 

ამასთან, გუშინ, 27 მაისს, Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მიმდინარე კვირაში განიხილავს, უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებისა და რუსეთის მიერ იერიშების გააქტიურების გამო. Wall Street Journal-ის ერთ–ერთი წყაროს თქმით, შეზღუდვები, დიდი ალბათობით, რუსულ ბანკებს არ შეეხება. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლის სხვა ვარიანტები განიხილება, რომელთა მეშვეობით ფიქრობენ პუტინის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმას და 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე მის დათანხმებას. 

Wall Street Journal-ის წყაროები არც იმას გამორიცხავენ, რომ ტრამპმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება გადაიფიქროს. მეტიც, წყაროების თქმით, ტრამპი დაიღალა უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებით და ამ პროცესიდან გასვლასაც განიხილავს.

NATO-ს გაფართოების შეჩერებისა და სანქციების შემსუბუქების გარდა, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.

ერთ-ერთმა წყარომ reuters-ს უთხრა, რომ „პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“.

ამასთან, როგორც სააგენტოს წყარო აღნიშნავს, თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ მშვიდობის მიღწევა მისი პირობებით შეუძლებელია, ის ეცდება, უკრაინელებსა და ევროპელებს სამხედრო წარმატებებით აჩვენოს, რომ „მშვიდობა ხვალ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“.

რუსულ მხარეს  reuters-ის აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა "მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრა".

reuters–ს ერთ-ერთი წყარო იმასაც ეუბნება, რომ "პუტინი თუ დაინახავს ტაქტიკურ შესაძლებლობას ბრძოლის ველზე, ის უკრაინის ტერიტორიაზე შეტევას გააგრძელებს".

წყაროს თქმით, "კრემლში სჯერათ, რომ რუსეთს შეუძლია, წლების განმავლობაში გააგრძელოს ბრძოლა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად".

კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ ამჟამად პუტინი ნაკლებად არის განწყობილი ტერიტორიულ კომპრომისზე წასასვლელად.

პუტინმა გაამკაცრა თავისი პოზიცია“, – აღნიშნა მან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 28 მაისს, ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მზად არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს როგორც პირისპირ, ისე - ერთად.

ზელენსკის თქმით, თუ პუტინისთვის ორმხრივი შეხვედრა არაკომფორტულია, ან სურთ, რომ იყოს სამმხრივი შეხვედრა (ტრამპთან ერთად), მზად არის ნებისმიერი ფორმატისთვის.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, რომ "რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ მალე გამოცხადდება".

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხანია, მზად იყო კიევთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინა უარს ამბობდა და მას ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას ევროპის ხელმძღვანელობა უშლიდა.