სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა.

მათ ისაუბრეს საქართველოს და ჩეხეთს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე. ~

ნათია თურნავამ პეტრ კუბერნატს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა საქართველოს მთავარი მიზანია.

მან ჩეხეთის ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე ისაუბრა საქართველოს პერსპექტივაზე რეგიონში ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით.

კუბერნატს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრების განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მ.შ. ციფრული ლარის პროექტი და ღია ბანკინგის სტანდარტის წარმატებით დანერგვა.

თავის მხრივ, პეტრ კუბერნატმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე პოზიციას ფინტექის მიმართულებით.

მხარეებმა მიმოიხილეს ჩეხეთის ეროვნულ ბანკთან შესაძლებლობების განვითარების მიმდინარე პროგრამა, ისაუბრეს მის მნიშვნელობასა და მომავალში გაგრძელების აუცილებლობაზე. აღნიშნული პროგრამა ტრენინგების, ვორკშოპებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს.

ჩეხეთის მხარემ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და EBRD-თან ერთად მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებაში, ასევე ფინანსური და ეკონომიკური სისტემების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში გაუწია დახმარება.