თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა გრანატა-მენგინი ხელმძღვანელობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიმონა გრანატა-მენგინის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკონსტიტუციო და ნორმატიული ჩარჩოს შესახებ კონსულტაციებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში.

ყურადღება გამახვილდა  საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.