თბილისი (GBC) – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პარლამენტის დეპუტატობის ეთნიკურად არააფხაზი კანდიდატებისთვის აფხაზური ენის ცოდნის სავალდებულო გამოცდის ამოქმედება 2032 წლამდე გადადო. მანამდე მოქმედი კანონი ითვალისწინებდა, რომ მოთხოვნა 2027 წლის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ ამოქმედდებოდა.
ცვლილებების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბაა. მისი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2027 წლის 1-ლი იანვრიდან აფხაზური და რუსული ენების ცოდნის დადასტურება მხოლოდ ეთნიკურ აფხაზ კანდიდატებს მოუწევთ, ხოლო სხვა ეროვნების კანდიდატებისთვის ეს მოთხოვნა 2032 წლიდან ამოქმედდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ყველა მოქალაქისთვის ე.წ. „ენობრივი ცენზის“ ერთდროულად დაწესებამ შესაძლოა საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობა გამოიწვიოს, ხოლო განსხვავებული მიდგომა „საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას“ შეუწყობს ხელს.
რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ აღნიშნული ინიციატივა უკავშირდება დისკუსიას, რომლის მიხედვითაც აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნა პარლამენტში არაეთნიკური აფხაზების, პირველ რიგში რუსებისა და სომხების, წარმომადგენლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა.
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დაახლოებით 190 ათასი მცხოვრები, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 90%, რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს. პარლამენტის სხდომები ამჟამად რუსულ ენაზე იმართება, თუმცა ე. წ. დეპუტატების ნაწილი აფხაზური ენის ცოდნის სავალდებულო მოთხოვნის შენარჩუნებას კვლავ ემხრობა.
