თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა კერძო სექტორის მიერ ჩაუბარებელ ყურძენს ფერმერებისგან წელსაც შეისყიდის, თუმცა რთველი 2026-ის ფარგლებში შესასყიდი ფასის ფორმირების წესი იცვლება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს ფასი სამ კატეგორიად დაიყოფა და ყურძნის ხარისხზე (შაქრიანობაზე) იქნება დამოკიდებული.

ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან გასულ წელს საფერავსა და სხვა ჯიშის ყურძენზე მხოლოდ ერთი ფასი იყო დადგენილი. ფასების დიფერენცირება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის პროცენტული მაჩვენებლით მოხდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ნებადართული ჯიშების (გარდა საფერავისა) და საფერავის შესასყიდი ტარიფები შაქრიანობის მიხედვით ასე განისაზღვრა: 

რა ეღირება 2026 წლის რთველის სუბსიდირება ბიუჯეტისთვის?

მთავრობამ 2026 წლის რთვლისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, სუბსიდირებაზე ₾60 მლნ უნდა დაიხარჯოს. თუმცა, გასული წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ რეალური ხარჯი, როგორც წესი, ბევრად აღემატება პირვანდელ გეგმას.

შედარებისთვის, 2025 წლის რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობას თავდაპირველად ასევე ₾60 მლნ ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა საბოლოოდ ფაქტობრივი ხარჯი 3.5-ჯერ მეტი - ₾220 მლნ აღმოჩნდა (ჯამურად კერძო სექტორის გარეთ დარჩენილი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან ₾241 მლნ დაიხარჯა).

შეგახსენებთ, რომ რთველი 2025-ის ფარგლებში, ჭარბი მოსავლისა და კერძო სექტორის მხრიდან დაბალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრებით 145 742 918 კილოგრამი ყურძნის შესყიდვა მოუწია.