თბილისი (GBC) – პოლონეთში ახალი ენერგეტიკული ჰაბი rescEU გაიხსნა, რომელიც უკრაინისთვის საგანგებო ენერგეტიკული დახმარების ცენტრი იქნება საომარი მოქმედებების პერიოდში. 

ევროპის საგარეო საკითხთა სამსახურის ცნობით, ჰაბი ევროკავშირის კრიზისული მენეჯმენტის საკითხებში კომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა და პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გახსნეს. აღინიშნება, რომ ეს ჰაბი პარტნიორ ქვეყნებს და კერძო სექტორს დაეხმარება უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნაში, რომელთა ტრანსპორტირების ხარჯებსაც მთლიანად ევროკავშირი აიღებს.

უკრაინას ელექტროგენერატორებს საქართველოც უგზავნის, როგორც მთავრობა, ისე კერძო სექტორი. საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაინაში, ამ კვირაში მეორე პარტიის მიწოდება გახდა შესაძლებელი. ჯამში, უკრაინას მიეწოდა 290 კვ.ა. სიმძლავრის ინდუსტრიული გენერატორი,  6,5კვ.ა. სიმძლავრის 41 ცალი, 110 კვ.ა. 4 ცალი და 55 კვ.ა. სიმძლავრის გენერატორი.