თბილისი (GBC) –  საქსტატის მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს. 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, 2010-2022 წლებში:

შეგახსენებთ, ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემების გაფანტულობის საზომს. ის შემოღებულ იქნა 1912 წელს იტალიელი სტატისტიკოსის, კორადო ჯინის მიერ. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს, ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია. ჯინის ინდექსი გამოიყენება მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის სოციოლოგიაში, ეკოლოგიაში, ქიმიასა და სოფლის მეურნეობაში.

ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი. ქვეყნებს შორის ამ ინდექსის მიხედვით ყველაზე ნაკლები უთანაბრობა სლოვაკეთშია (0.23), ხოლო ყველაზე მეტი - სამხრეთ აფრიკაში (0.63).