თბილისი (GBC) – გასული წლის  IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2017-2022 წლებში, კვარტალების მიხედვით.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით);

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით);

• მშენებლობა - 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).

IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2022 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.