თბილისი (GBC) – აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს 100%-იანი ბაჟი დააწესოს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ. დოკუმენტის საბოლოოდ მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

სენატორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რითაც გზა გაეხსნა მის განხილვას წარმომადგენელთა პალატაში. კენჭისყრისას თავდაპირველი დათვლით დაფიქსირდა 68 ხმა 9-ის წინააღმდეგ კანონპროექტზე, სახელწოდებით „ლინდსი ო. გრემის 2026 წლის სანქციების აქტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ“. საბოლოო დათვლით შედეგი 86 ხმა 11-ის წინააღმდეგ აღმოჩნდა.

დოკუმენტს ახლა წარმომადგენელთა პალატა განიხილავს, რის შემდეგაც მას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. უცნობია, როდის განიხილავს კანონპროექტს პალატა.

კანონპროექტის ინიციატორად დასახელებულია სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც 2026 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. „ეს კანონი პუტინს მტკივნეულ ადგილზე ურტყამს“, - განაცხადა მისმა დამ დარლინ გრემ ნორდონმა, რომელმაც სენატში მისი ადგილი დაიკავა.

„დღეს ზელენსკი ამას უკრაინიდან აკვირდება, ხოლო პუტინი - მოსკოვიდან“, - განაცხადა სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა, დემოკრატმა კონექტიკუტის შტატიდან, რომელიც სამხრეთ კაროლინას აწგანსვენებულ სენატორ ლინდსი გრემთან ერთად მუშაობდა სანქციების პაკეტზე. „მინდა ვიფიქრო, რომ ლინდსი გრემიც ხედავს ამას “, - თქვა ბლუმენთალმა. „დღეს ჩვენ უკრაინის ხალხს ვეუბნებით: თქვენ მარტო არ ხართ. და დღეს ჩვენ ვლადიმირ პუტინს ვეუბნებით: თქვენ ვერ დაიპყრობთ უკრაინას“, - ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო AP.

კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს 100%-იანი ბაჟი დააწესოს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ურანს და ბუნებრივ აირს ყიდულობენ ან სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ის ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის თავდაცვითი, ენერგეტიკული და ფინანსური ორგანიზაციების, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“, ასევე რუსი ჩინოვნიკების, ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

კანონპროექტი 2025 წელს იქნა წარდგენილი, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ იყო დონალდ ტრამპის გაურკვეველი პოზიციის გამო. თავდაპირველი ვერსია 500%-იანი ბაჟის დაწესებას ითვალისწინებდა იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.

The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების შეფასებით, თუ კანონპროექტს საბოლოოდ მიიღებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესი ბაჟის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებას დაუშვებს - მანამდე ის არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა.