თბილისი (GBC) - თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობას 5 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა, დროის შემცირება კი ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე ჩატარებულმა კაპიტალურმა სამუშაოებმა გახადა შესაძლებელი.

„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, გარკვეულ მონაკვეთებზე სიჩქარეები გაგვეზარდა, მოგვეხსნა შეზღუდვები და თბილისიდან ბათუმში უსაფრთხოდ, 4 საათში ვიმგზავროთ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის თქმით, პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სადგურების ინფრასტრუქტურის განახლებაც. კომპანიის მიზანია, სრულად მოაწესრიგოს როგორც მაგისტრალური, ისე საგარეუბნო სადგურები.

„ფაქტობრივად უკვე მიმდინარეობს 5-7 სადგურის რეაბილიტაცია, წელს კიდევ 5 სადგურის დამატებას ვგეგმავთ, ხოლო მომავალ წელს სადგურების რეაბილიტაციის პროცესი სრულად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა აბაშიძემ.