თბილისი (GBC) – ყაზახეთის ეროვნული ნავთობკომპანია KazMunayGas 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირების ზრდას გეგმავს. კომპანიის პროგნოზით, აღნიშნული მარშრუტით ექსპორტი 1,7 მლნ ტონას მიაღწევს, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე თითქმის ერთი მესამედით მეტია.
კომპანიის ეს გეგმები წარმოდგენილია Samruk-Kazyna-ს საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე წარდგენილ პრეზენტაციაში, რომელსაც რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
2025 წლის განმავლობაში „ყაზმუნაიგაზმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,3 მლნ ტონა ნავთობი გადაზიდა. შესაბამისად, 2026 წელს ზრდა დაახლოებით 31%-ს შეადგენს.
დაახლოებით 1,7 ათასი კილომეტრის სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი აკავშირებს კასპიის ზღვის ნავთობის საბადოებს თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯეიჰანის პორტთან. მარშრუტი გადის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ საექსპორტო მიმართულებას კასპიის რეგიონისთვის.
ყაზახეთისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულების მნიშვნელობა ბოლო წლებში გაიზარდა, რადგან ქვეყანა ცდილობს ნავთობის ექსპორტის დივერსიფიცირებას და რუსეთის გავლით არსებულ მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირებას.
საქართველოსთვის ყაზახური ნავთობის მოცულობების ზრდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სისტემაში ნიშნავს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ენერგეტიკულ დერეფანში, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას შავი ზღვის რეგიონისა და ხმელთაშუა ზღვის ბაზრებთან.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა, კვლავ რჩება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტად და საქართველოსთვის სტრატეგიულ სატრანზიტო აქტივად.
