თბილისი (GBC) – ვლადიმირ პუტინმა რუს ოლიგარქებს ქვეყნის შემცირებული თავდაცვის ბიუჯეტისთვის შემოწირულების გაღება სთხოვა, რათა უკრაინაში ომი გააგრძელოს. ამის შესახებ Financial Times წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის გაგრძელებას მანამ გეგმავს, ვიდრე მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის იმ დარჩენილ ტერიტორიებზე არ დაამყარებს კონტროლს, რომლებსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს.
გამოცემის ინფორმაციით, ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მინიმუმ ორმა ბიზნესმენმა დაუდასტურა პუტინს მზადყოფნა, თავდაცვის ბიუჯეტში შენატანები განახორციელონ.
ცნობილია, რომ პუტინი აგრძელებს ინტერვენციას მას შემდეგ, რაც უკრაინამ აშშ-ის შუამავლობით გამართული ბოლო მოლაპარაკებებისას დონბასიდან ცალმხრივად გასვლაზე უარი განაცხადა. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუკავშირდება აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ რაუნდთან დაკავშირებით, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემს. პესკოვის თქმით, რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი ინტერესი არ დაუკარგავს, თუმცა დასძინა, რომ ძირითადი საკითხები, მათ შორის ტერიტორიული, ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.
The Guardian წერს, რომ კრემლის თავდაცვის ხარჯები გასულ წელს 42%-ით გაიზარდა და 13.1 ტრილიონ რუბლს (121 მლრდ ფუნტი სტერლინგი) მიაღწია, რის გამოც ხელისუფლება ეკონომიკის სტაბილიზაციას გადასახადების მეშვეობით ცდილობს. ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს წელს ზემოგებაზე კიდევ ერთი გადასახადის (windfall tax) დაწესებას, თუ რუბლის გაუფასურება გაგრძელდება. 2023 წელს რუსეთმა მსხვილ კომპანიებზე დაწესებული ერთჯერადი 10%-იანი მოსაკრებლით 320 მლრდ რუბლი (2.95 მლრდ ფუნტი სტერლინგი) მოიზიდა.
იანვარში კრემლმა დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 22%-მდე გაზარდა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესიდან სამი წლის განმავლობაში დამატებით 600 მლრდ რუბლი მიიღოს. იანვარსა და თებერვალში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მთელი წლისთვის დაგეგმილი მაჩვენებლის 90%-ს გადააჭარბა, რადგან აშშ-ის სანქციებმა მოსკოვი აიძულა ნავთობი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაეყიდა. მანამდე პუტინმა გააფრთხილა რუსული კომპანიები და მთავრობა, რომ ყურადღებით მიუდგნენ იმ ზემოგების ხარჯვას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ნავთობის ფასების ზრდის შედეგად მიიღეს.
მოსკოვში ბიზნესლიდერებთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ექსპორტზე ფასების მატებისა, ბაზრები არასტაბილურია და საჭიროა ზომიერი კონსერვატიზმი როგორც კორპორაციულ სექტორში, ისე სახელმწიფო ფინანსებში, რათა დამატებითი შემოსავლები დივიდენდებზე ან ბიუჯეტის ხარჯების გაფართოებაზე არ დაიხარჯოს.
ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ სამშვიდობო შეთანხმებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას კიევის მიერ დონბასის მთელი რეგიონის რუსეთისთვის დათმობის სანაცვლოდ აკეთებს.
ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს გავლენა აქვს პრეზიდენტ ტრამპზე, რომელიც კვლავ უკრაინულ მხარეზე ზეწოლის სტრატეგიას ირჩევს. მას იმედი აქვს, ამერიკული მხარე გააცნობიერებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განუყოფელი ნაწილია.