თბილისი (GBC) - კრემლი უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების გააქტიურებას ვაშინგტონისგან ირანში ცეცხლის შეწყვეტის ფონზე ელოდება - შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კრემლთან დაახლოებულ სააგენტო РИА Новости-სთან საუბარში გააკეთა.
„ვიმედოვნებთ, რომ უკვე უახლოეს მომავალში მათ (აშშ-ის მომლაპარაკებლებს - რედ.) ექნებათ მეტი დრო და მეტი შესაძლებლობა, შეხვდნენ სამმხრივ ფორმატში (უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ - რედ.)“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დარეგულირების სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი ამჟამად პაუზაზეა, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი აშშ-სთან ინფორმაციის მიმოცვლას აგრძელებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დათანხმდა ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა, თუ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეს სრულად გახსნის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, მოელის, რომ ამერიკული დელეგაცია კიევში აღდგომის შემდეგ ჩავა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული სამოლაპარაკო დელეგაცია კიევში მიიწვია.