თბილისი (GBC) - კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას 21 მარტს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ მოლაპარაკებებში უკრაინასა და აშშ-ს შორის. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით წერს.
პესკოვს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა რუსეთი მონაწილეობას აშშ-სა და უკრაინას შორის მომავალ მოლაპარაკებებში - „არა, ეს იქნება ორმხრივი კონტაქტები უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს სამმხრივი ფორმატის აღდგენას უახლოეს მომავალში.
„ეს პაუზა (უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში - რედ.) დროებითია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის დროებითია. ვგულისხმობ სამმხრივი ფორმატის გაგრძელებას. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას“, - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით არ არის სიცხადე სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შესაძლო ჩატარების ადგილის შესახებ.
ხუთშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააანონსა 21 მარტს აშშ-ში უკრაინული მომლაპარაკებელი ჯგუფის შეხვედრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე.
იმავე დღეს დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პაუზა უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში დროებითია და შესაძლოა დასრულდეს მას შემდეგ, რაც ყველა მხარე, პირველ რიგში კი ამერიკული მხარე, თავის გრაფიკს შეათანხმებს.
გასულ კვირას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის, თუმცა შეხვედრის ადგილი და დრო ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის აშშ-სა და რუსეთის განსხვავებული პოზიციების გამო.
ამავდროულად, უკრაინული მედია იტყობინებოდა, რომ ტრამპი კარგავს ინტერესს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების მიმართ, რადგან ახლა ის ფოკუსირებულია ირანზე.