თბილისი (GBC) - საქსტატის 2025 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾104.59 მლრდ-ს ($38.4 მლრდ) გაუტოლდა, რაც 12.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 7.5% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 4.6%-ით განისაზღვრა

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.8%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3%). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.1%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8%), მშენებლობა (8%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.7%), განათლება (6.4%),  ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%), სოფლის  სატყეო და თევზის მეურნეობა (5.9%).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.7%), განათლება (24.5%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.3%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (12.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (5%).

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.7%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-4.5%).