თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელი მომლაპარაკებლები „ძალიან უცნაურებად“ შეაფასა და გააფრთხილა თეირანი, რომ სერიოზულად უნდა მიუდგეს შეთანხმების საკითხს, სანამ გვიან არ იქნება.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა: „ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან უცნაურები არიან. ისინი გვემუდარებიან, რომ მათთან შეთანხმება დავდოთ, რასაც უნდა აკეთებდნენ კიდეც, რადგან სამხედრო თვალსაზრისით განადგურდნენ. მიუხედავად ამისა, საჯაროდ აცხადებენ, რომ „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“. ეს არასწორი საქციელია! სჯობს, საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის, რადგან როგორც კი ეს მოხდება, უკან დასახევი გზა აღარ იარსებებს და ეს სასიამოვნო არ იქნება“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კი განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ბოლო დღეებში თეირანმა „მეგობრული ქვეყნების“ მეშვეობით რამდენიმე შეტყობინება მიიღო, თუმცა ეს მხოლოდ შეტყობინებების გაცვლაა და არა დიალოგი ან მოლაპარაკებები.

„იმ ფაქტს, რომ შეტყობინებები იგზავნება და ჩვენ გაფრთხილებით ვპასუხობთ ან ვაცხადებთ ჩვენს პოზიციებს, არ ჰქვია მოლაპარაკება ან დიალოგი; ეს არის შეტყობინებების გაცვლა“, - აღნიშნა არაღჩიმ.

ტრამპის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია, ხოლო ორივე მხარე საჯაროდ განსხვავებულ სურათს წარმოადგენს მიმდინარე კომუნიკაციების შესახებ.