თბილისი (GBC) - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს ჰქონდა კარგი და პროდუქტიული საუბრები ირანთან და ის გასცემს განკარგულებას, რათა სამხედროებმა ხუთი დღით გადაავადონ ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ტრამპის ეს ნაბიჯი მოჰყვა ირანის მუქარას, რომ თავს დაესხმებოდა ისრაელის ელექტროსადგურებსა და ყურის რეგიონში აშშ-ის ბაზების მომმარაგებელ ობიექტებს, თუ აშშ ირანის ენერგოქსელს ამოიღებდა მიზანში. ტრამპმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ირანთან საუბრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„მე მივეცი განკარგულება ომის დეპარტამენტს, ხუთი დღით გადადოს ნებისმიერი და ყველა სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებაზე“, - დაწერა მან.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო. სამ კვირაზე მეტია მიმდინარეობს ინტენსიური დაბომბვები, რასაც, ბოლო მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იერიშების პირველივე ტალღისას დაიღუპა ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც მისმა ვაჟმა, მოჯთაბა ხამენეიმ ჩაანაცვლა.

ირანული თავდასხმების შედეგად ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად პარალიზებულია. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საზღვაო არტერია, რომელზეც მოდის გლობალური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვების 20%. სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, მასშტაბებით აღემატება 1970-იანი წლების ნავთობის შოკებსა და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ გაზის დეფიციტს ერთად აღებულს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანს ულტიმატუმი წაუყენა - სრუტის სრულად გახსნისთვის ბოლო ვადად 23 მარტის საღამო განისაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ირანის ენერგოქსელის განადგურებით დაიმუქრა. საპასუხოდ, ირანი აცხადებს, რომ დაარტყამს ისრაელისა და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების ელექტროსადგურებს, რომლებიც აშშ-ის ბაზებს ამარაგებენ.

სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის (ბაჰრეინი, კატარი, საამიროები, საუდის არაბეთი) ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული სასმელი წყლის წარმოება. ელექტროქსელის გათიშვა ავტომატურად გამოიწვევს წყლის გამამტკნარებელი ქარხნების გაჩერებას, რაც რეგიონს ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენებს.

პარალელურად მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა პროგნოზირებს, რომ ბრძოლები ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.