თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 მარტის საღამოს, ვიდეომიმართვაში განაცხადა, "უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მაიამიში გამართული ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, არსებობს სიგნალები რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო ტყვეების შესაძლო შემდგომი გაცვლის შესახებ, თუმცა ნათელია ის, რომ რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს". 

მოლაპარაკებები აშშ-ში

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მან მიიღო მოხსენება უკრაინული მოლაპარაკებების ჯგუფისგან მაიამიში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მეორე დღის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ამერიკული მხარის ყურადღება უპირველეს ყოვლისა ირანის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზეა ფოკუსირებული.

„მაგრამ რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგაც უნდა დასრულდეს. ეს მსოფლიოში ყველას მიერ ერთნაირად აღიქმება. მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკული საზოგადოების უკრაინისთვის ნორმალური, ღირსეული მშვიდობის მკაფიო მხარდაჭერისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ აგრესორმა ომისთვის ჯილდო არ მიიღოს.

ზელენსკიმ თავის სიტყვას ასევე დაამატა, მნიშვნელოვანია, უკრაინა არ იყოს იძულებული, ომს თვეების ან წლების შემდეგ დაუბრუნდეს. ამისათვის უკრაინისა და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი უნდა იყოს.

„მთლიანობაში კი სიტუაცია საკმაოდ გამჭვირვალე რჩება: პუტინს ომის დასრულება არ სურს. მაგრამ მთავარია, რომ ეს მსოფლიოს სურს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ომი დავასრულოთ“, - შეაჯამა ზელენსკიმ.

სიტუაცია ფრონტზე

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას მოხსენებით წარუდგნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი. მისი თქმით, მათ დეტალურად ისაუბრეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე რუსები შესამჩნევად გააქტიურდნენ, რისთვისაც ხელსაყრელ ამინდს იყენებენ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მტრის შტურმების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა გაიზარდა რუსეთის ფედერაციის დანაკარგებიც. „მხოლოდ ამ ერთ კვირაში უკვე 8 000-ზე მეტი დაღუპული და მძიმედ დაჭრილი ოკუპანტია. მათ ჰქონდათ მექანიზებული შტურმებიც. ჩვენი დრონები კარგად მუშაობენ და ჩვენი არმიის პოზიციები მტკიცეა. მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, თითოეულ ბრიგადას უკრაინისთვის მოტანილი შედეგებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 21-22 მარტს აშშ-ში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და ამერიკული დელეგაციები 4 საკითხს განიხილავდნენ. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა სამმხრივი შეხვედრების გაგრძელების მკაფიო პარამეტრების დადგენა.

ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილება სამმხრივი შეხვედრებისთვის მომზადება და PURL პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება რაკეტების შესყიდვა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. გარდა ამისა, განიხილება აშშ-სთან დრონების შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.