თბილისი (GBC) – გამოცემა Politico-ს სვეტში NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ივო დაალდერი დონალდ ტრამპის ირანულ პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პროფესიული ანალიზის ნაცვლად საკუთარ „ინტუიციას“ დაყრდნობოდა, სტრატეგიულ მარცხად იქცა. 

"როდესაც საქმე ომსა და დიპლომატიას ეხება, ისევე როგორც ბიზნესში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეტალებზე არ ნერვიულობს. ის არც იმ სიღრმისეულ ანალიზსა და ექსპერტულ რჩევებს ეყრდნობა, რაც სხვა პრეზიდენტებისთვის ნორმა იყო. ის არის ლიდერი, რომელიც საკუთარ ინტუიციას მიჰყვება, რომელიც, როგორც თავად ამბობს: „ზოგჯერ იმაზე მეტს მეუბნება, ვიდრე სხვისი ტვინი მეტყვის ოდესმე“.

აქამდე ტრამპი ახერხებდა ინტუიციაზე დაყრდნობით ფონს გასვლას. მისი მხრიდან ძალის გამოყენება იყო სწრაფი და შედეგიანი გასულ ივნისში ირანში და სულ რაღაც სამი თვის წინ ვენესუელაში. ის ასევე დაეხმარა კონფლიქტების დასრულებას, თუმცა იმ რვა ომიდან, რომელთა დასრულებასაც ის საკუთარ თავს მიაწერს, მათ შორის, ირონიულია, რომ ის ივნისში ისრაელსა და ირანს შორის ომსაც თვლის - უმეტესობა ან ისედაც მოგვარების პირას იყო, ან, როგორც კონგოს შემთხვევაში, რეალურად არც არასდროს დასრულებულა. ირანში კი მას ინტუიციამ საბოლოოდ უღალატა.

ოთხკვირიანმა დაბომბვამ არ გამოიწვია ირანის რეჟიმის ან ქცევის ის სწრაფი ცვლილება, რასაც ტრამპის ინტუიცია მოელოდა. ამის ნაცვლად, თეირანმა სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალა: მიზანში ამოიღო ყურის ქვეყნები და ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რითაც რეგიონსა და მსოფლიოს სწრაფად მზარდი ხარჯები დააკისრა. ამით მან ტრამპს საბოლოოდ დაუპირისპირა მოწინააღმდეგე, რომელიც არ აპირებს მის ახირებებს დაემორჩილოს - 10,000 სამიზნის დაბომბვის შემდეგაც კი.

ბევრისთვის, მათ შორის ტრამპის სამი წინამორბედისთვის ეს ყველაფერი მეტისმეტად პროგნოზირებადი იყო. სწორედ ამიტომ, თავის დროზე, მათ ყველამ დიპლომატია აირჩიეს ომის ნაცვლად, როდესაც ცდილობდნენ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვება აღეკვეთათ. მაგრამ ტრამპი არ ჩაღრმავებია იმ დეტალებსა და ანალიზს, რამაც ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი - დაარწმუნა, უარი ეთქვათ ირანის დაბომბვაზე, მათ შორის ისრაელის მხრიდან.

ახლა კი მისი ინსტინქტი, რომ დაბომბვის კამპანია აღმოფხვრიდა საფრთხეს, რომლის წინაშეც აშშ-ის ყველა პრეზიდენტი იდგა ჯიმი კარტერის შემდეგ, მარცხდება. მისი სასოწარკვეთილი მცდელობები, აიძულოს ირანი დადოს შეთანხმება იმის მტკიცებით, რომ თეირანი მას „ეხვეწება“, და ელექტროსადგურების დაბომბვის მუქარისას ვადების მუდმივი გაგრძელება იმის ნიშანია, რომ ის აცნობიერებს: სულ უფრო მეტად არის გაჭედილი ორ ცუდ ვარიანტს შორის - სახმელეთო ჯარებით ესკალაციის აუცილებლობასა და იმ შეთანხმების მიღებას შორის, რომლის მოპოვებაც, სავარაუდოდ, ომის გარეშეც შეეძლო.

ბევრმა მართებულად მიუთითა ირანის წინააღმდეგ ომის მომზადების, დაგეგმვისა და აღსრულების მრავალრიცხოვან ხარვეზებზე, რათა აეხსნათ, თუ რატომ აღმოჩნდა ტრამპი ამ მდგომარეობაში. თავად პრეზიდენტმა აღიარა, რომ გაკვირვებული იყო ირანის საპასუხო დარტყმით, ყურის მოკავშირეებზე თავდასხმითა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით - მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ირანი სწორედ ასე მოიქცეოდა.

მაგრამ დიპლომატიაც, როგორც ომის წინა პერიოდში, ისე ახლა, ბევრ რამეს მოითხოვს. იმის ნაცვლად, რომ დაყრდნობოდა დიპლომატებს საჭირო მოლაპარაკების უნარებითა და გამოცდილებით ირანელ კოლეგებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც, თავად მისი აღიარებითაც კი, „დიდი მოლაპარაკეები“ ჰქვია - ტრამპი დაეყრდნო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებსაც აკლიათ საჭირო გამოცდილება და ცოდნა.

პრეზიდენტი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი და მისი მეგობარი და საგანგებო დესპანი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი, დარწმუნებულნი არიან, რომ მათი კერძო სექტორის გამოცდილება, როგორც გარიგებების ოსტატების, მათ სრულყოფილ დიპლომატებად აქცევს. მაგრამ ამ ორი სფეროსთვის საჭირო უნარები ძალიან განსხვავებულია.

კერძო სექტორში გარიგების დადებისას მხარეები თანხმდებიან ძირითად პუნქტებზე, დეტალებს კი იურისტებს უტოვებენ. დიპლომატიაში კი სტრატეგიულ და ისტორიულ კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც იმის ცოდნას, თუ რა ამოძრავებს მეორე მხარეს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფულის შოვნა. ამ ყველაფერს ვხედავთ ვიტკოფისა და კუშნერის საყვარელ მიდგომაში: წარადგინონ მრავალპუნქტიანი გეგმა - 28 პუნქტი უკრაინისთვის, 20 ღაზასთვის, 15 ირანისთვის - და შემდეგ სცადონ მეორე მხარის დაბნევა და იძულება, რომ ის მიიღოს. ამასთან, პუნქტები ხშირად ბუნდოვანია, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და თითქმის ყოველთვის მოწყვეტილია იმ კონფლიქტის კონტექსტს, რომლის მოგვარებასაც ისახავს მიზნად.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ერთი მხარე „ფლობს კარტებს“, მეორე მხარე უნდა დანებდეს. მაგრამ დიპლომატია ასე არ მუშაობს.

უკრაინაში 28 პუნქტი ძირითადად რუსეთის მიერ იყო შედგენილი და კიევმა ისინი კატეგორიულად უარყო. შემდეგ უკრაინასთან ერთად შემუშავებული ახალი 19-პუნქტიანი გეგმა, პროგნოზირებადია, რომ მოსკოვმა უარყო. დღეს, ის ხმამაღლა დაანონსებული მოლაპარაკებები, რომლებსაც ომი ერთ დღეში უნდა დაესრულებინა, შეჩერებულია და კონფლიქტი მეხუთე წელში შევიდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ მიღწეულ იქნა და მძევლები გაათავისუფლეს, რაც ისრაელისა და აშშ-ის მთავარი მიზნები იყო. თუმცა მშვიდობა მაინც არ არის. ღაზას სექტორი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს ისრაელი აკონტროლებს, მეორეს კი ჰამასი. ჰამასს დემილიტარიზაცია არ მოუხდენია, ისრაელი კი თითქმის ყოველდღიურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ირანთან უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივები არც თუ ისე უკეთესია. ბევრჯერ განხილული 15-პუნქტიანი გეგმა არის მაქსიმალისტური მოთხოვნების სია - მათ შორის სრული დენუკლეარიზაცია, რაკეტების მკაცრი შეზღუდვა და რეგიონული მარიონეტების მხარდაჭერის შეწყვეტა, რაც ირანმა მუდმივად უარყო.

და მაშინაც კი, თუ დაბომბვის კამპანია საბოლოოდ დაარწმუნებდა თეირანის მმართველებს ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებზე, მათი ქვეყნის გამოცდილება ტრამპის ადმინისტრაციასთან ნებისმიერი სახის შეთანხმების მიღწევას უკიდურესად გაართულებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის იგივე პრეზიდენტი, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი მის პირობებს ასრულებდა. მეტიც, თეირანი ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ორჯერ დათანხმდა არაპირდაპირ მოლაპარაკებებს - და ორჯერვე ეს მოლაპარაკებები შეწყდა ისრაელისა და აშშ-ის მიერ მათი ქვეყნისა და ხელმძღვანელობის დაბომბვის გამო.

სინამდვილეში, ომის დაწყებამდე ირანი ჩართული იყო სერიოზულ დისკუსიებში ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ. მაგრამ ვიტკოფმა და კუშნერმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს იმ დათმობების არსი, რომლებისთვისაც ირანი მზად იყო - დათმობები, რომლებიც მოიცავდა გამდიდრების შეჩერებას და გამდიდრებული ურანის მარაგების შესაძლო გატანას. ვიტკოფმა ასევე მცდარად ჩათვალა, რომ ირანის დაჟინებული მოთხოვნა გამდიდრების უფლებასა და 440 კილოგრამი ურანის ფლობაზე, რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო - თითქოს ნიშნავდა, რომ ის შეთანხმებისთვის სერიოზულად განწყობილი არ იყო.

ახლა ტრამპი საკუთარი ხელით შექმნილ სიტუაციაშია გაჭედილი. მისმა ინტუიციამ იმედი გააცრუა. მისმა მომლაპარაკებლებმა არ იციან, როგორ მოექცნენ მტკიცე მტერს, რომელიც საკუთარ გადარჩენას სხვებისთვის მაქსიმალური ტკივილის მიყენებით ცდილობს. ამის ფასს კი ჩვენ ყველანი ვიხდით".

წყარო: Politico