„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი და ბოლო 16 წლის განმავლობაში აკადემიის დირექტორი ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე, რომელიც სკოლის თავდაპირველი დამფუძნებელია და სკოლაში მენეჯმენტის ცვლილებებამდე მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციას იკავებდა, ინვესტორი კომპანიის -„საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საჯარო მიმართვას უგზავნიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ივანიშვილისადმი მიმართვაში ინვესტორ კომპანიას, რომელმაც სკოლის წილის 70% საინვესტიციო პირობებით შეისყიდა, და მის ხელმძღვანელს - ირაკლი გილაურს სწორედ საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობაში და სკოლის მენეჯმენტიდან ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის უკანონოდ, „გავლენების დახმარებით“ ჩამოშორებაში ადანაშაულებენ.
„მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი, სკოლის ათასობით მოსწავლის, მასწავლებლისა და თანამშრომლის ინტერესები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ 2012 წლის მონაპოვარი - ბიზნესის ხელშეუხებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება - ჩვენზეც გავრცელდება“, – წერენ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ბიძინა ივანიშვილისადმი საჯარო მიმართვაში, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ:
„ბატონო ბიძინა,
გწერთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენლები - ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე. 2011 წელს სააკაშვილის მართლმსაჯულებამ, როგორც ასიათასობით სხვა უდანაშაულო ადამიანი, გამოგონილი ბრალდებით გამასამართლა მე, დავით ცეცხლაძე და ჯოჯოხეთურ ციხეში მამყოფა 1 წლის განმავლობაში. ციხეში გაუსაძლის პირობებში ყოფნის გამო შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ოჯახს წაართვა დიდძალი თანხა და 15 წლის განმავლობაში ნაშენები სამი ბიზნესი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამ კი გაგვიჩინა იმედები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვეღარასდროს გაბედავდნენ ბიზნესის რეკეტს, ადამიანთა წამებასა და მკვლელობას.
ჩვენმა ოჯახმა, 2006 წელს დააფუძნაა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მაღალი სტანდარტების სკოლა, „ბრიტანულ-ქართული აკადემია“. 19 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სკოლა გახდა საუკეთესო რეპუტაციის, საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აქ განათლების მისაღებად ჩვენს მოქალაქეებთან და ჩვენს 5 შვილთან ერთად მოდიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შვილები.
2018 წლის ოქტომბერში, როგორც სკოლის დირექტორსა და დამფუძნებლებს, დაგვიკავშირდა ირაკლი გილაურის მიერ მართული კომპანიის, სს „საქართველოს კაპიტალის“ წარმომადგენელი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გიორგი კეთილაძე. „საქართველოს კაპიტალმა“ შემოგვთავაზა ინვესტიციების განხორციელება სკოლაში, ახალი კამპუსების მშენებლობისა და მათ საკუთრებაში არსებული მიწის სკოლისათვის უსასყიდლოდ გადმოცემის გზით. „საქართველოს კაპიტალის“ მიმართ სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, იმის გამო, რომ მისი გენერალური დირექტორი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ირაკლი გილაური იყო. გიორგი კეთილაძე სწორედ იმიტომ შეირჩა ჩვენთან საკომუნიკაციოდ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული იყო და მას შეეძლო, ჩვენი ნდობა მოეპოვებინა. არაერთი მცდელობის შემდეგ გიორგი კეთილაძემ დაგვარწმუნა, რომ კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი და რომ თითქოს ეს ინვესტორის საუკეთესო რეპუტაციაზე მიანიშნებდა. ამით მან შეძლდო ჩვენი დარწმუნება, რომ ინვესტიციის განხორციელება ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნებოდა: სკოლას ექნებოდა ახალი სასწავლო კამპუსები, ხოლო „საქართველოს კაპიტალი“ შევიდოდა ზოგადი განათლების ბაზარზე, პრემიუმ-სეგმენტის სკოლაში. ამასთან, „ინვესტორის“ პირობა იყო, რომ სკოლის მენეჯმენტში არ ჩაერეოდა, არ ჰქონდა რა ზოგადი განათლების სფეროსთვის საჭირო სპეციფიკური ცოდნა. მენეჯმენტი ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. საბოლოოდ, გადაწყვეტილება არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ სკოლისა და მისი მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ. ინვესტიცია საშუალებას მოგვცემდა, სკოლის მოსწავლეების მზარდი რაოდენობის საპასუხოდ მეტი და უფრო კეთილმოწყობილი კამპუსები აგვეშენებინა. მეორე მხრივ, ღრმად გვწამდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნაციონალი ირაკლი გილაური ჩვენი ქონების მიტაცებას ვეღარ შეძლებდა. შესაბამისად, 2019 წლის მაისში მხარეებს შორის შედგა გარიგება, რის საფუძველზეც სს „საქართველოს კაპიტალმა“ ჩვენგან შპს „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ 100% წილის 70% მიიღო, ხოლო ჩვენ დაგვრჩა 30%.
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩვენი ბიზნესის მიტაცების მიზანი ამოძრავებდა ნაციონალ ირაკლი გილაურს, რისი გამომჟღავნებაც ეტაპობრივად დაიწყო. ირაკლი გილაურმა შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ შეასრულა. 5 წლის განმავლობაში 1 თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებია, უარი თქვა სკოლისათვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადმოცემაზე და დაარღვია მენეჯმენტში ჩაურევლობის პრინციპი. ბიზნესის მიტაცების გეგმის განხორციელება გილაურმა მენეჯმენტიდან ჩვენი ჩამოშორების მცდელობით დაიწყო. 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული გილაურმა არაერთხელ სცადა დირექტორობიდან ნათია ჯანაშიას გადაყენება და მის ნაცვლად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქის, იოჰანეს ვან ლილის დანიშვნა. საგულისხმოა, რომ ვან ლილი არის პორნოგრაფიული ტექსტების ავტორი. მისი ნაწარმოებები თავისუფლად იძებნება ინტერნეტსივრცეში, რაზეც ხელი მიუწვდებათ მოსწავლეებსაც. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ვან ლილის კანდიდატურის წარდგენა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
სწორედ ამ კანდიდატის დირექტორად დანიშვნისა და მენეჯმენტიდან ჩვენი ჩამოშორების განზრახვა მოიყვანა სისრულეში გილაურმა 2025 წლის თებერვალში პარტნიორთა კრების გაყალბებული ოქმის საფუძველზე. გაყალბებული კრების ოქმით, პირადი კავშირებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ზოგიერთ თანამშრომელზე ფარული გავლენის წყალობით, გილაურმა შეძლო ახალი დირექტორის, ვან ლილის დანიშვნა. ასევე, კავშირების გამოყენებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძლო, სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ჩვენი არაერთგზისი მოთხოვნა, რომ გილაურს ბოროტად არ გამოეყენებინა მაჟორიტარი პარტნიორის სტატუსი და არ მიეღო სკოლისათვის საზიანო გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის წილის 30% ჩვენი საკუთრებაა, გილაურის დავალებით დღეს ჩვენ მიერ დაფუძნებულ და აშენებულ სკოლაში შესვლა გვეკრძალება. ძალის გამოყენებითა და პოლიციის უკანონო ჩარევით მოახდინეს სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, ადვოკატისა და სხვა თანამშრომლების სკოლიდან ფიზიკური გაძევება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტებითა და სამოქალაქო დავაში ჩართვით განახორციელეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლებიდან გატაცება და პოლიციის განყოფილებაში დაშინება. დღეის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსა და მსხვილ შემომწირველს, ირაკლი გილაურს, ოკუპირებული აქვს სკოლის შენობა, სადაც გადაადგილდებიან ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი მათი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რაც ეწინააღმდეგება კანონს და რეალურ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
ზემოთ მოხმობილ ყველა ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. თუმცა გილაურის გავლენების გამო, მათი გამოყენება არაეფექტიანი და, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა.
მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი, სკოლის ათასობით მოსწავლის, მასწავლებლისა და თანამშრომლის ინტერესები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ 2012 წლის მონაპოვარი - ბიზნესის ხელშეუხებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება - ჩვენზეც გავრცელდება. ჩვენი ერთადერთი სურვილია, მოგვეცეს შესაძლებლობა, მართლმსაჯულება განხორციელდეს სამართლიანად და ნაციონალ გილაურს არ მიეცეს ჩვენი სკოლისა და ბიზნესის საბოლოოდ მიტაცების საშუალება. ამასთან, ღრმად გვწამს, რომ გილაურის გავლენის ქვეშ მოქცეული, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები მხოლოდ ერთეულები არიან და გილაურის გავლენების აღკვეთის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი უწყება, ვისაც ჩვენს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს, ჩვენი უფლებების დაცვის საკითხს მაღალპროფესიონალურად და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტს“ – ნათქვამია ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის საჯარო მიმართვაში.