თბილისი (GBC) - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ჟურნალისტებს სამშაბათს ბრიუსელში განუცხადა, რომ "საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს". კალასმა ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია“, - აღნიშნა კაია კალასმა.

კალასი სანქციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს.

„დიახ, შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მართლაც ძალიან, ძალიან, არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამას განვიხილავთ. როგორც იცით, ადრე გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე განვიხილავთ ჩვენს სამუშაო მეთოდებს და მოგვიანებით გავაგრძელებთ ამას“, - განაცხადა კალასმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე: „ადასტურებთ თუ არა, რომ შესთავაზეთ მიზნობრივი სანქციების სია და ეს სია მოსამართლეებსაც მოიცავს?“

კალასის თქმით, თუ სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვნებას ვერ მიაღწევენ, მის დამტკიცებას ვერ შეძლებენ.

„ვცდილობთ, მაგრამ თუ ბლოკირებას ვერ დავძლევთ, მაშინ ვერ შევძლებთ. თუმცა, დღეს გვექნება წერილი, რომელიც საქართველოს გაეგზავნა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები ვადაში არ იქნება შესრულებული, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“, - აღნიშნა კალასმა.

დღეს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - „მნიშვნელოვნად გაუარესებულ“ მდგომარეობასა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხო ზომებზე.