თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2025 წლის მაისში, თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით გაიზარდა, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს, შესაბამისად, 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა. ამასთან, ფასებმა ბაზრის ორივე სეგმენტში მცირედით იკლო, რამაც მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. 

მოთხოვნა

2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 325 შეადგინა, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 5 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა შემცირებული.
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.2%-ით გაიზარდა.

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებიც (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მეორადი ბაზრის მსგავს სურათს აჩვენებს. 2025 წლის მაისში გაყიდვები პირველად ბაზარზე 6.4%-ით გაიზარდა 2025 წლის 4 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. 2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15,865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ $1.2 მლრდ შეადგინა (+2.6% წ/წ).

მიწოდება

2025 წლის მაისში ნებართვა გაიცა 25 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 202,697 მ²-ს შეადგენდა (-18.3% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 1.1%-ით შემცირდა.

ფასები

2025 წლის მაისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით შემცირდა და 1,331 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა და 1,253 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2.0%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 აშშ დოლარი შეადგინა.