თბილის (GBC) - ქათმის კვერცხის მწარმოებელ ფერმერებს სააღდგომოდ კვერცხის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოლოდინები აქვთ. მაგალითად, კომპანია „მცხეთის მეფრინველეობის“ დირექტორს დავით ათუნაშვილს უჭირს სააღდგომოდ კვერცხის ფასის პროგნოზირება, ხოლო, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი ზურა უჩუმბეგაშვილი ჩვენთან საუბარში პირობას დებს, რომ „სააღდგომოდ კვერცხის ფასი არ გაიზრდება“.
„მცხეთის მეფრინველეობა“ დღეში 25 ათას კვერცხს აწარმოებს, ხოლო „კუმისი“ – 200 ათასს. ამასთან, ქსელურ მაღაზიებში 1ც კვერცხის ფასი 50-60 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
საქსტატის სოფლის მეურნეობის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სულ 11 მილიონი ქათამია, რომლებიც წლის განმავლობაში 655 მილიონ კვერცხს დებენ (2022 წელი).
მათივე მონაცემებით დგინდება, რომ 2023 წელს ცოცხალი შინაური ქათამი მასით არა უმეტეს 185 გ-ისა ექსპორტზე სულ $7785.61 ათასის ღირებულების გავიდა, ხოლო, ცოცხალი შინაური ქათამი, 185 გ-ის მეტი მასით საექსპორტოდ $98.76 ათასის დაფიქსირდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 2024 წლის იანვრის და დეკემბრის თვეში შინაური ქათმის, ახალი კვერცხი ნაჭუჭით, ინკუბირებისათვის სულ $961.84 ათასის იმპორტი განხორციელდა, ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, შინაური ქათმის ახალი კვერცხი ნაჭუჭით, ინკუბირებისათვის სულ $836.59 ათასის ექსპორტი დაფიქსირდა.