თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საქმის შესწავლის შედეგად, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე") „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.
საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლის მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.
გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას დაევალა, 1 თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შეესაბამებინა და აღედგინა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები. დაკისრებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მოვაჭრე 1 374 ლარით დაჯარიმდა.
ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებისა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
