თბილისი (GBC) - აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს. ინვესტორთა მაღალი მოთხოვნის გამო, $15 მილიონიანი საწყისი ტრანზაქციის მოცულობა $4.5 მილიონით გაიზარდა. 

საქართველოს ბაზარზე კომპანიის მეხუთე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად G&T-ის პარტნიორობით განხორციელდა.

აი ჯი დეველოფმენტი კორპორატიული სექტორიდან პირველია, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების შესაძლებლობა გააჩინა.

45 მილიონიანი პროგრამა დეკემბერში დამტკიცდა, რომლის ფარგლებში 12/2023-ში 20 მილიონი დოლარის, ხოლო 2024 წლის იანვარში 5 მილიონი ევროს ტრანზაქცია განახორციელა. აღნიშნული 2024 წლის პირველი საჯარო განთავსება იყო.

ახალი, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის ფიქსირებული განაკვეთი, წინა ემისიის ანალოგიურად, 8.50%-ით განისაზღვრა. ვადა 2 წელია, შესაბამისად 2026 წლის 8 ივლისს იფარება.

ობლიგაციები შეიძინა საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქე 125-მდე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. ობლიგაციების ჯამური მოცულობიდან 15 მილიონი დოლარის მიზნობრიობაა 2022 წლის 7 ივლისს განთავსებული ობლიგაციების, ხოლო დარჩენილის - არსებული საბანკო სესხების რეფინანსირება.

„ პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. მიმდინარე ტრანზაქციამ კი წარმატებით გამოიწვია ინვესტორების მოსალოდნელზე მაღალი დაინტერესება, რის შედეგადაც მოცულობა გაიზარდა. გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული“, - განაცხადა მინდია საბანაძემ, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამასთან მადლობა გადაუხადა ბროკერს და სხვა პარტნიორებს.

„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტის და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ექსკლუზიური პარტნიორიორობით უკვე მე-5 ერთობლივი გარიგება განხორციელდა. ვიმედოვნებთ, მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, წარმატებულ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ“, - აცხადებს ვანო კიკვილაშვილი, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი.