მობილური ოპერატორების შემოსავლები ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 29%-ით გაიზარდა და 62.1 მლნ ლარს მიაღწია. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით ამავე პერიოდში აბონენტების რაოდენობა 4.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ-ს მიაღწია.
აბონენტების კუთხით ბაზრის ლიდერი მაგთია - 2.2 მლნ აბონენტით - წლიური ზრდა 4.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სილქნეტი 1.7 მლნ-აბონენტით -ზრდა 4.2%-ია. მესამე ადგილზეა ვიონი - 1.3 მლნ-აბონენტით - წლიურად 3%-ით მეტი.
რაც შეეხება შემოსავლებს აქაც მაგთი ლიდერობს. კომპანიამ ერთ თვეში 31.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - წლიურად 36.5%-ით მეტი. მეორე ადგილზე სილქნეტია 21.1 მლნ-ის შემოსავლით რაც წლიურად 25.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მესამე ადგილზეა ვიონი რომელმაც ერთ თვეში 9.8 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - ზრდა 17.9%-ს შეადგენს.
ინტერნეტის შემოსავლების წილი მთლიან შემოსავლებში სულ უფრო და უფრო იზრდება და კლებულობს ხმოვანი მომსახურების წილი. რისი მიზეზიც არის ახალი, არატრადიციული მომსახურებების მზარდი მოხმარება (ვაიბერი, ვოთსაპი და მსგავსი აპლიკაციები). კერძოდ, ინტერნეტის წილი 52%-მდე გაიზარდა ხოლო ხმოვანის 39%-მდე შემცირდა.
მობილური ინტერნეტის ყველა მაჩვენებელი - მომხმარებლების რაოდენობა, ტრაფიკი, მოხმარება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გაზრდილია ტრაფიკის და საშუალო მოხმარების მაჩვენებლები. მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი 34%-ით გაზრდილია და 2022 წლის ნოემბრის თვეში 39 პეტაბაიტი შეადგინა. ასევე გაზრდილია წინა წელთან შედარებით თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 11,8 გბ შეადგინა.