თბილისი (GBC) – „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია საჯარო მიმართვას ავრცელებს მის მიერ 19 წლის წინ დაფუძნებული სკოლის თანამშრომლებისადმი. მიმართვაში ნათია ჯანაშია თანამშრომლებს მოუწოდებს არ გახდნენ „ბრმა იარაღი ირაკლი გილაურის, გიორგი კეთილაძისა და სს „საქართველოს კაპიტალის“ სხვა წარმომადგენლების ხელში“. ნათია ჯანაშია თანამშრომლებს სთხოვს, ნუ გახდებიან თანამონაწილე მათი, მათი შვილებისა და საკუთრების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებაში. საჯარო მიმართვის არგუმენტად ნათია ჯანაშია შემდეგ გარემოებას ასახელებს: „ირაკლი გილაურისა და გიორგი კეთილაძის დავალებით, სკოლის დომენებზე რეგისტრირებულ ელფოსტებს, მათ შორის, თქვენსას, შეეზღუდა ჩემი ელფოსტებიდან შეტყობინებების მიღება“.
ნათია ჯანაშიას მიმართვას სრულად გთავაზობთ:
„ძვირფასო კოლეგებო,
მასმედიის საშუალებით მიწევს თქვენთან კომუნიკაცია იმის გამო, რომ ირაკლი გილაურისა და გიორგი კეთილაძის დავალებით, სკოლის დომენებზე რეგისტრირებულ ელფოსტებს, მათ შორის, თქვენსას, შეეზღუდა ჩემი ელფოსტებიდან შეტყობინებების მიღება. აშკარაა, რომ ირაკლი გილაურსა და მის კოლეგებს ეშინიათ იმის, რომ თქვენ იცოდეთ სიმართლე და გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია მათ მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
2025 წლის 31 მარტის წერილით გატყობინებდით ირაკლი გილაურის, გიორგი კეთილაძისა და სს „საქართველოს კაპიტალის“ სხვა წარმომადგენლების დავალებით ჩემი და დავით ცეცხლაძის წინააღმდეგ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის შემცველი ქმედებებისა და ამასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე. გვსურს, გაცნობოთ, რომ ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული, შესაძლო დანაშაულის შემცველი, უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე, გამოძიება კიდევ ერთ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. გამოძიების დაწყება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საგამოძიებო უწყება ჩათვლის, რომ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
ბევრ თქვენგანს აინტერესებდა, თუ რაში გამოიხატება უკანონო ქმედებები, რომ უნებლიედ არ გახდეთ „საქართველოს კაპიტალისა“ და სკოლის თვითმარქვია მენეჯმენტის ხელში ბრძოლის იარაღი.
ჩვენ მიმართ უკანონობა ვლინდებოდა და ახლაც ვლინდება „საქართველოს კაპიტალისა“ და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ სხვადასხვა ქმედებაში:
● 2019 წელს სს „საქართველოს კაპიტალმა“ მოტყუებით მიიღო სკოლაში ჩემი წილიდან 70%;
● ზიანი მიაყენეს სკოლას, სკოლის ხარჯით გააუმჯობესეს თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ისე, რომ არ შეასრულეს სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები;
● მიზანმიმართულად, უკანონოდ ცდილობენ ჩვენ, სკოლების დამფუძნებლებსა და სულისჩამდგმელებს, წაგვართვან 19 წლის განმავლობაში ნაშენები საერთაშორისო სტანდარტების სკოლა;
● გაყალბებული კრების ოქმის საფუძველზე გადამაყენეს დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად დანიშნეს პოზიციისთვის შეუფერებელი კანდიდატი;
● ძალის გამოყენებით მოხდა სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, ადვოკატისა და სხვა თანამშრომლების სკოლიდან ფიზიკური გაძევება, განხორციელდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაშინება;
● უკანონოდ ათავისუფლებენ თანამშრომლებს, რომლებმაც მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს დირექტორობიდან ჩემი უკანონოდ გადაყენებისა და სკოლის ბრუტალურად ოკუპაციის გამო;
● კუთვნილ, გამომუშავებულ ხელფასს არ აძლევენ უკანონოდ გათავისუფლებულ ან/და მათი მიზეზით სამსახურიდან წასულ თანამშრომლებს;
● ირღვევა COBIS-ისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნები;
● ირღვევა ჩემი და დავით ცეცხლაძის საკუთრების უფლება;
● ჩემზე და დავით ცეცხლაძეზე შურისძიების მიზნით, სკოლაში, ჩვენი ყველა შვილის მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია, მათ არათანაბარ პირობებში ამყოფებენ სკოლის სხვა მოსწავლეებთან შედარებით.
ზემოაღნიშნულ ყველა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. გთხოვთ, შესაბამისი უწყებების (საქართველოს პროკურატურა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭო, სახალხო დამცველი და ა.შ.) მომართვის შემთხვევაში, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, ობიექტურად და სამართლიანად გასცეთ პასუხი დასმულ შეკითხვებს.
გთხოვთ, ნუ გახდებით ბრმა იარაღი ირაკლი გილაურის, გიორგი კეთილაძისა და სს „საქართველოს კაპიტალის“ სხვა წარმომადგენლების ხელში, ნუ იქნებით მათი თანამონაწილე ჩვენი, ჩვენი შვილებისა და საკუთრების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებაში.
პატივისცემით,
ნათია ჯანაშია
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი და ლეგიტიმური დირექტორი“, – ნათქვამია ნათია ჯანაშიას განცხადებაში.