თბილისი (GBC) – GBC გასული წლის დეკემბერში წერდა „ციფრული მომთაბარეების“ საქართველოთი დაინტერესების შესახებ. ეს მაღალშემოსავლიანი IT სპეციალისტები ჩვენი ქვეყნით არაერთი უპირატესობის გამო ინტერესდებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ VisaGuide.World–ის სერვისის მკვლევრებმა „ციფრული მომთაბარეებისთვის“ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნეს, რომელშიც 38 ქვეყანა მოხვდა – პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორეზე არგენტინა და მესამე ადგილს რუმინეთი დასჯერდა. პოსტსაბჭოთა სივრციდან რეიტინგში მხოლოდ ესტონეთი (მე–20 ადგილი) და საქართველო (24–ე ადგილი) მოხვდნენ.
ვინ არიან ეს „ციფრული მომთაბარეები“, რატომ დამკვიდრდა ეს ტერმინი ბოლო დროს, რატომ ირჩევენ ისინი საქართველოს – ამ და სხვა ბევრ კითხვაზე შორენა კოპალეიშვილმა გვიპასუხა, რომელიც ერთ–ერთი აქტიური, ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) ასოციაციის თავმჯდომარეა. ცნობისთვის, ასოციაცია იმ საერთაშორისო IT კომპანიებს აერთიანებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე საგადასახადო შეღავათების წყალობით შემოვიდნენ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ქმნიან.
– რა ფენომენია „ციფრული მომთაბარე“, ვინ არიან ეს ადამიანები, როდის და რატომ ჩამოყალიბდა ასეთი პროფესიული მომთაბარეობის ტენდენცია?
შორენა კოპალეიშვილი: – ეს არის ადამიანები, რომლებიც ერთდროულად მოგზაურობენ და მუშაობენ (digital nomads). ისინი არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებისთვისაც ოფისთან მიბმა არ არის სავალდებულო. სამუშაოდ, ზოგადად, მათ მხოლოდ სტაბილური და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სჭირდებათ, თუმცა სხვა გარემოებებსაც აქცევენ ყურადღებას. ასეთი ადამიანების უმეტესობა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არიან დასაქმებული, რაც მათ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევთ. ეს ფენომენი გაჩნდა 2000-იანი წლების დასაწყისში და ცხოვრების ეს წესი თანამედროვე ტექნოლოგიების გაჩენამ გახადა შესაძლებელი, ხოლო COVID-19-ის პანდემიამ ის კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
ბევრმა გააცნობიერა, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, არამედ ბევრი ადამიანი უფრო პროდუქტიულია, როცა დისტანციურად მუშაობს. თუმცა, ციფრულ მომთაბარეებსა და დისტანციურ თანამშრომლებს შორის არის განსხვავება. მათ ერთმანეთისგან „მოგზაურობის ფაქტორი“ განასხვავებს. ციფრული მომთაბარეები ძირითადად მოგზაურობენ და იცვლიან ადგილმდებარეობას, დისტანციური თანამშრომლები კი ძირითადად სახლიდან მუშაობენ.
– „ციფრული მომთაბარეებისთვის“ ყველაზე მიმზიდველ 40 ქვეყანას შორის საქართველო 24–ე ადგილს იკავებს. გარდა 6–თვიანი საგადასახადო შეღავათისა და ცხოვრების ხარჯების სიმცირისა, რა ფაქტორები განაპირობებს IT-სპეციალისტების მოზიდვას საქართველოში?
შორენა კოპალეიშვილი: – როგორც უკვე აღვნიშნე, „ციფრული მომთაბარეები“ ეს არის ადამიანები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, იცვლიან ადგილმდებარეობას, რომ მათთვის იდეალური გარემო და სამუშაო სივრცე იპოვონ. მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია ის ძირითადი ფაქტორები, რაც განაპირობებს ამ ადამიანებისთვის აირჩიონ ესა თუ ის იურისდიქცია საცხოვრებლად. ეს არის: ვიზის ხელმისაწვდომობა, ამა თუ იმ ქვეყანაში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე, საგადასახადო პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემა, ცხოვრების ღირებულება უცხოურ ვალუტაში, განვითარებული ტურისტული სექტორი, შესაფერისი კლიმატი, უსაფრთხოების მაღალი დონე და ა.შ.
საქართველო მართლაც საკმაოდ მომხიბვლელ ლოკაციად ითვლება IT სპეციალისტებისთვის, თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეულ საკითხებში რეალობა სხვა ხვდებათ ადგილზე. მაგალითად, საქართველოში კვლავ პრობლემატურია ინტერნეტის სიჩქარე და ამ მიმართულებით გაუმჯობესება ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ასევე გადასახადის გადამხდელებისთვის მკაფიო საგადასახადო ნავიგაციის არ არსებობა. კიდევ ერთი თემა, რომელიც ბოლო წლებში გამოიკვეთა ეს არის საბანკო სექტორის მხრიდან ზუსტი და მკაფიო შესაბამისობის პოლიტიკის არარსებობა, რაც აფერხებს საბანკო ანგარიშებით შეუფერხებლად სარგებლობას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობა გასააქტიურებელია.
ცნობილია სახელმწიფოს პოლიტიკა საინფორმაციო ტექნოლოგიური სექტორის განვითარებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც მისასალმებელია. ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმების შემოღება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის, ისეთების როგორიცაა ვირტუალური ზონის პირის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსები. ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა ბაზარზე როგორც დიდი კომპანიების, ისე ბევრი სტარტაპის შემოსვლა. შესაბამისად ინდუსტრიის ზრდა და მაღალი შედეგები ძირითადად სწორედ ამ ფაქტორებითაა განპირობებული. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2023 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში საქართველომ პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით და კომპიუტერული სერვისების მიწოდებით $231 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 322%-ით აღემატება. ჩემი ვარაუდით, სრული 12 თვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი და შთამბეჭდავია.
– ინტერნეტის ხარისხს რაც შეეხება, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში დღეს და რა ნაბიჯებია გადასადგმელი პროვაიდერების მხრიდან, რომ ინტერნეტი დაჩქარდეს და განვითარებული ქვეყნების, თუნდაც „ციფრული მომთაბარეებისთვის“ ყველაზე მიმზიდველი ესპანეთის სიჩქარეს გაუტოლდეს?
შორენა კოპალეიშვილი: – 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო „ციფრული მომთაბარეებისთვის“ მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგებში 24 ადგილზეა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო და ესტონეთი მოხვდა ამ რეიტინგში და ჩვენი ქვეყანა რამდენიმე საფეხურით ჩამორჩება ამ უკანასკნელს, მათ შორის ინტერნეტის ხარისხის მაჩვენებელში. საქართველოს ინტერნეტის სიჩქარე საშუალოდ მხოლოდ 30 მბ/წმ-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ვფიქრობ საქართველომ ამ მიმართულებით მაინც შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. 2023 წელს ნოემბერში მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ 100-დან 25 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც “თავისუფალი” ქვეყანა. საქართველოს ტერიტორიაზე სრულად არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ბოლო სტატისტიკით, ინტერნეტზე ხელი ოჯახების 89%-ს მიუწვდება.
მთავარ გამოწვევად ალბათ მაინც დავასახელებდი ბაზარზე შეზღუდულ წვდომას და რამდენიმე მსხვილი კომპანიის დომინირებას, რომლებიც აკონტროლებენ ძირითადი ქსელის ინფრასტრუქტურას, რაც თავის მხრივ ამცირებს კონკურენციას და ხარისხის გაუმჯობესებას.
– საგადასახადო შეღავათები ვახსენეთ. ნამდვილად მიმზიდველია ეს შეღავათები? ინდივიდუალურად ჩამოსული სპეციალისტებისთვის შესაძლოა ეს მართლაც ხელსაყრელი შეღავათები იყოს, თუმცა, რა ხდება ამ მხრივ მსხვილი საერთაშორისო კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოში ვირტუალური ზონის პირებისთვის დაშვებული საგადასახადო შეღავათებით მოიხიბლნენ და შემოვიდნენ?
შორენა კოპალეიშვილი: – საქართველოში პრეფერენციული დაბეგვრის რეჟიმებმა მართლაც დიდი როლი ითამაშა არაერთი საერთაშორისო IT კომპანიის თუ სპეციალისტის საქართველოთი დაინტერესებაში. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ამ მხრივ მართლაც ერთ ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. 2011 წლიდან დღემდე 1100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო ეს სტატუსი. ყველა გადასახადს თუ დავაჯამებთ, 2023 წლის პირველ 8 თვეში ვზპ–ებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 61.6 მლნ ლარი შეიტანეს. ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების სეგმენტის განვითარება, ამ სექტორში დამატებით ახალი მსხვილი კომპანიების შემოსვლა კიდევ უფრო მზარდი იქნებოდა, რომ არა გარკვეული ხარვეზების/ბუნდოვანობის არსებობა იმ საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლითაც ეს სექტორი რეგულირდება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის დღეს მოქმედი ორი საშეღავათო რეჟიმი დაბეგვრის ნაწილში ასე გამოიყურება:
გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო და სპეციალური კანონმდებლობა შეღავათის სარგებლობის მიზნით თითოეული კატეგორიის საწარმოსთვის აწესებს განსხვავებულ მიდგომებს, პირობებს, საქმიანობის სახეებს, ვალდებულებებსა და გამონაკლისებს.
– რა განსხვავებაა „ციფრულ მომთაბარეებსა“ და ვირტუალური ზონის პირებს შორის? რომელი უფრო ეფექტურია ქვეყნის ეკონომიკისთვის?
შორენა კოპალეიშვილი: – მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში შეხება გვაქვს საინფორმაციო ტექნოლოგიურ სექტორთან და ამ სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებთან, განსხვავება მათ შორის რა თქმა უნდა არსებობს. ვირტუალური ზონის პირებისთვის არსებობს მთელი რიგი მოთხოვნები, რასაც ამ სტატუსის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, როგორიცაა ადგილობრივი კადრების დასაქმება, მატერიალური აქტივის ქონა და სხვა. ასევე იმისთვის, რომ მოგენიჭოს ეს სტატუსი უნდა იყო საქართველოს რეზიდენტი საწარმო და არა ფიზიკური პირი ან ინდ. მეწარმე. შესაბამისად, ქვეყნისთვის ამ სტატუსს მეტი დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოაქვს საბიუჯეტო გადასახადების ნაწილში და რაც მთავარია ეს კორპორაციული მოდელი უფრო სტაბილური და მდგრადია განსხვავებით ციფრული მომთაბარეებისაგან, რომლებსაც როგორც ფიზიკურ პირებს შესაძლოა უბრალოდ აღარ მოეწონოთ ქვეყნის კლიმატი და მიიღონ გადაწყვეტილება დატოვონ ქვეყანა.
– რა გეგმები აქვს თქვენს ასოციაციას მიმდინარე წლისთვის იმ პრობლემების დასარეგულირებლად, რომლებზეც ზემოთ ისაუბრეთ?
შორენა კოპალეიშვილი: – საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ აქტიური და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ პროცესებში, რომელიც კონკრეტული IT სექტორის, კერძოდ კი ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების გარშემო დატრიალდა. ყველას კარგად ახსოვს 2021 წლის ბოლოდან რა საგადასახადო წნეხის წინაშე აღმოჩნდა ეს კომპანიები, რაც უპირველეს ყოვლისა გამოწვეული იყო ხარვეზიანი და ბუნდოვანი საკანონმდებლო ნორმებით. ამ სტატუსის მქონე კომპანიებმა, მართლაც რომ, ურთულესი წლები გაიარეს, თუმცა დღეს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გადაიხედა საგადასახადო დაბეგვრის პოლიტიკა, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო კომპანიებისთვის დარიცხული გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების სრულად მოხსნა ან მკვეთრად შემცირება.
ჩვენ დღესაც მიგვაჩნია, რომ ამ სექტორის განვითარების მთავარი და აუცილებელი პირობაა საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს პრაქტიკის გათვალისწინებით სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა. შეუძლებელია ამა თუ იმ ბიზნეს სექტორის განვითარება, თუ მას არ ექნება მყარი საკანონმდებლო გარანტიები, განჭვრეტადი საგადასახადო პოლიტიკა და სტაბილური ბიზნეს გარემო.
ვფიქრობ ეს წელი იქნება ძალიან პროდუქტიული ამ მიმართულებით და სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა აისახება კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებში. თავის მხრივ ასოციაცია და ბიზნესი მზად არის ჩაერთოს საჯარო-კერძო დიალოგში, რომ შეიქმნას საქართველოში აიტი კომპანიების ოპერირებისთვის ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნეს გარემო.