თბილისი (GBC) – ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) ასოციაციამ, რომელიც ზუსტად ორი წლის წინ შეიქმნა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისია წარმატებით შეასრულა. ასოციაციის მთავარი აქცენტები დაარსებიდანვე კეთდებოდა ამ სფეროში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე; ასოციაციის წევრების და პარტნიორების ინტერესების დაცვასა და ადვოკატირებაზე; დარგის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე; ბენეფიციარების უფლებების წარმოდგენასა და დაცვაზე კერძო და საჯარო სექტორში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვზპ სტატუსი საერთაშორისო და ადგილობრივ IT-კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც 2011 წელს მიღებული კანონმდებლობით რეგულირდება. თუმცა, რამდენად სწორად რეგულირდებოდა ამ კომპანიების საქმიანობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შემოსავლების სამსახურმა შეღავათებით მოსარგებლე კომპანიებს მილიონობით ლარის საჯარიმო სანქციები დაადო. ამას, ბუნებრივია, კომპანიების მხრიდან დავებიც მოჰყვა როგორც საგადასახადო უწყებაში, ისე სასამართლოში.

პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიების ინდივიდუალური ბრძოლა თავისი ინტერესების დასაცავად და ამ ფონზე ბუნებრივად დადგა ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის შექმნის საჭიროება.

აუდიტი ინტერპრეტირებული დასკვნებით

უფრო დეტალურად თუ გავყვებით სექტორის უახლეს ისტორიას, 2021 წელს დაიწყო ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების მასობრივი აუდიტები იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მათი საქმიანობა მიღებულ პრეფერენცირებულ სტატუსს.

პირველი ეტაპი - 2021 წლის გაზაფხულზე, საქართველოს საგადასახადო უწყებამ დაიწყო ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების წარმომადგენლებთან დაკავშირება და სხვადასხვა სახის ინფორმაციის გამოთხოვა.

საგადასახადო უწყებამ სადავო გახადა ამ კომპანიების მხრიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის ფაქტი, კომპანიებს რეტროსპექტიულად გაუუქმდათ შეღავათი მოგების გადასახადში და დაეკისრათ მოგების გადასახადის გადახდა წარსული პერიოდიდან, 2018 წლიდან მოყოლებული. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დღემდე უცნობია, თუ რა კრიტერიუმებს და საკანონმდებლო ნორმებს ეყრდნობოდა საგადასახადო ორგანო ინფორმაციული ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა–არშექმნის ფაქტის დადგენისას.

საგადასახადო აუდიტის შედეგად კომპანიებზე დაკისრებულმა ჯარიმებმა რამდენიმე მილიონ ლარს მიაღწია.

სწორედ ამ მძიმე ვითარებამ განაპირობა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის შექმნის აუცილებლობა. საჭირო გახდა შექმნილიყო ერთიანი სივრცე, პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა ვზპ კომპანიების ინტერესების დაცვას და კერძო-საჯარო დიალოგის დამყარებას. ასოციაცია 2022 წლის თებერვალში დაარსდა.

ის არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს უცხოელ ინვესტორებსა და ქართული IT კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.

ასოციაციის უპირველესი მიზანია მისი წევრების და ვზპ კომპანიების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის რეგულირების გამჭვირვალობა. კანონმდებლობის დაზუსტების გზით მოხდება საგადასახადო ორგანოების მიერ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების არასამართლიანი, რეტროსპექტული დაბეგვრის პრობლემის გადაჭრა.

ასოციაციას, რომელიც 40–ზე მეტ IT-კომპანიას აერთიანებს,  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი შორენა კოპალეიშვილი ჩაუდგა სათავეში. ამ ორი წლის განმავლობაში ასოციაციის გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სექტორის და თითოეული კომპანიის ინტერესების დასაცავად.

„მიგვაჩნია რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი პერსპექტიული დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობა, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გაწერილი შესაბამის საკანონმდებლო აქტებში და არ უნდა იძლეოდეს არც ერთი უწყების წარმომადგენლის მხრიდან არასწორი ინტერპრეტირების საშუალებას. ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების საგადასახადო დაბეგვრის ყველა დეტალი გაწერილი უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში და აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში და არა შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებსა თუ ე.წ. სიტუაციურ სახელმძღვანელოებში. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის" ვკითხულობთ, რომ მთავრობის მიზანია "საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების სპეციალისტებისა და კომპანიების რაოდენობის გაზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა". აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია: 1. სექტორში არსებული მდგომარეობის გაანალიზება, გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა; 2. უკვე შემოსული კომპანიების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; 3. სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც მკაფიოდ და გამჭვირვალედ დაარეგულირებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე კომპანიების საქმიანობას; 4. ამ ინდუსტრიის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების და პროგრამების გაძლიერება, რათა საქართველომ შეძლოს პოზიციონირება, როგორც ამ სექტორისთვის ერთ ერთმა ყველაზე მიმზიდველმა ქვეყანამ (მათ შორის საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით). ვფიქრობ ბიზნესმა და მთავრობამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს არსებული გამოწვევების გამკლავების მიზნით“, – აცხადებს ვზპ ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი.

რა გაკეთდა

საბოლოო მიზნების მიღწევამდე ჯერ ალბათ ადრეა საუბარი და ეს უფრო პროცესი იქნება, ვიდრე რაღაც მონიშნული კონკრეტული ორიენტირი, თუმცა ვრცელია იმ მიღწევების ჩამონათვალი, რომლებიც დაუღალავი შრომით, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებთან ინტენსიური კომუნიკაციით, საგადასახადო სფეროს ექსპერტებთან, აუდიტორებთან, პარტნიორ ასოციაციებთან თანამშრომლობით და ჩართულობით გახადა შესაძლებელი შორენა კოპალეიშვილის გუნდმა. მათ შორის:

• ვზპ კომპანიების პრობლემებისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. ასოციაციის აქტიურობით პრობლემის განხილვა დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურებში (შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, პარლამენტი), ევროპულ ასოციაციებში და ბიზნეს საზოგადოებაში. ასევე მოხდა პრობლემის მედია გაშუქება.

• ასოციაციამ თავისი კვალიფიციური დასაბუთების შედეგად მიაღწია პირველი და მეორე მეთოდური მითითებების გაუქმებას და შესაბამისად, დაიწყო ასოციაციის წევრების მიმართ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადახედვა, დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების გადაანგარიშება და კომპანიების უმრავლესობისთვის დაკისრებული ჯარიმების მოხსნა ან მკვეთრად შემცირება.

• ასოციაცია გულმოდგინედ მუშაობს ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე IT-კომპანიებისათვის საგადასახადო მიზნებისთვის მკაფიო კრიტერიუმების დასადგენად.

• ასოციაციამ შეძლო საქართველოს პარლამენტში შესვლა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების მოთხოვნით.

• ასოციაციამ მიიღო ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერა.

• ასოციაციამ შეძლო არსებული გამოწვევებით ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და სხვა ევროპელი წარმომადგენლების დაინტერესება.

• ასოციაციის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო ვზპ სტატუსისადმი ინტერესის  და კომპანიების მხრიდან მიმართვიანობის ზრდა.

• ასოციაციამ უზრუნველყო წარმატებული საჯარო-კერძო დიალოგის დამყარება.

• ასოციაციამ შეძლო არაერთი თავისი წევრი კომპანიის საგადასახადო დავა და მასთან დაკავშირებული საკითხების წარმატებით გადაჭრა.

ვზპ სექტორის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში

ვზპ სტატუსის შემოღება და მისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იმთავითვე გათვლილი იყო როგორც მსხვილი ისე საშუალო საერთაშორისო IT-კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოყვანაზე, რასაც უნდა შეექმნა ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, შემოეტანა ამ ინდუსტრიის მეტი ცოდნა და განათლება, წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტიმულირებაში და სხვა.

რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს ამ სექტორიდან, 2023 წლის მხოლოდ პირველ 8 თვეში ვზპ–ების მიერ ბიუჯეტში დღგ–ს სახით 29,5 მლნ ლარია გადახდილი. ამ პერიოდში ვზპ–ებმა 6,5 მლნ–ის მოგების გადასახადი გადაიხადეს. შთამბეჭდავ მაჩვენებელზე გავიდა საშემოსავლო გადასახადი, რომელმაც საანალიზო პერიოდში 25,4 მლნ ლარი შეადგინა. ყველა გადასახადს თუ დავაჯამებთ, 2023 წლის პირველ 8 თვეში ვზპ–ებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 61.6 მლნ ლარი შეიტანეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს გადასახდელები საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებითაა დაანგარიშებული, გამოჩნდება, რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიების კონტრიბუცია საქართველოს რეალურ ეკონომიკაში გაცილებით დიდია, რაც ნიშნავს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, IT სფეროში კვალიფიციური კადრების დაკავებას საქართველოში და, შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების გადინება ქვეყნიდან მცირდება, ხოლო მიღებულ მაღალ ანაზღაურებას ქვეყანაში ხარჯავენ.

რაც შეეხება ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადასახდელების ბოლო 5 წლის სტატისტიკას, დინამიკა მკვეთრადაა გაზრდილი. კერძოდ, ვზპ კომპანიებმა 2019 წელს გადასახადების სახით ჯამში 46 მლნ ლარი გადაიხადეს. პანდემიურ 2020 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა და 43,8 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა მომდევნო 2021 წლიდან მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – 67,3 მლნ ლარი. 2022–ში ეს მაჩვენებელი  74 მლნ ლარზე გავიდა, 2023 წლის მხოლოდ 8 თვეში კი 61.6 მლნ ლარი აქვს გადახდილი და წლის მთლიანი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, მისი დაანგარიშების შემდეგ.

რას აპირებს ასოციაცია

ასოციაცია მიზნებს არ ცვლის და ესენია:

•მეტი კომპანიის გაერთიანება

•გასული პერიოდზე გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების სრულად გაუქმება

•საკანონმდებლო ცვლილებების მიღწევა

•მკაფიო IT კრიტერიუმების ჩამოყალიბება ვზპ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის

•მჭიდრო თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან და სხვა პარტნიორებთან

•ქვეყანაში ასაინფორმაციო ტექნოლოგიური სექტორის განვითარების ხელშეწყობა